„ზვარე”

„ზვარე” (შპს), მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხანა. მდებარეობს სოფ. ზვარეში (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი). წყლის საბადოს პირველი საძიებო სამუშაოები 1933 ჩატარდა, რის შედეგადაც 1934 აღიმართა პირველი მექანიზებული ჭაბურღილი, 1936-იდან კი დაიწყო მინერ. წყლის “ზვარეს” ჩამოსხმა. ქ-ნა საქართვ. კვების მრეწვ. სამინისტროს რესპ. სახელმწ. სამრეწვ. გაერთიანება „საქმინხილწყალს” ექვემდებარებოდა. 1993-იდან მოხდა მისი პრივატიზება და დაერქვა შპს „ჯორჯიან აკვატონი”, 2005-იდან კი გახდა შპს „ზ.” წლების განმავლობაში საწარმოში რამდენჯერმე ჩატარდა გაფართოებისა და ტექ. გადაიარაღების სამუშაოები. 1950 წ. ჩამოასხეს 1,511; 1970 წ. – 5,450; 1980 წ. – 11,080; 1990 წ. –10,6 მლნ. ბოთლი (0,5 ლ). გამოშვებული პროდუქციის 90% ქვეყნის გარეთ გადიოდა. ძირითადი მომხმარებელი იყო რუსეთი, უკრაინა, მოლდავეთი და სხვა მოკავშირე რესპუბლიკები. 1991-იდან ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტ. და ეკონ. მდგომარეობის გამო მინერ. წყლის ჩამოსხმა მკვეთრად შემცირდა, 1994-იდან კი – თითქმის შეწყდა. 2008 „ზ-ს” აქციები შეიძინა ბრიტანულმა კომპანია „ტრანსსატ კორპორეიშენმა” ამერ. კომპანია „ტრაინექსთან” ერთად. საწარმოში ჩატარებული მნიშვნელოვანი ტექ. გადაიარაღებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ „ზვარეს” ჩამოსხმა განახლდა 2010-იდან. ქ-ნის საპროექტო სიმძლავრე იყო 40–45 ათ. ბოთლი (ერთი ლიტრი) დღ-ღ-ში (2010). ქ-ნა მონაწილეობდა საერთაშ. გამოფენებში. 2002 „ზვარემ”, როგორც საუკეთესო სამომხმარებლო თვისებების მქონე წყალმა, ჟენევაში – ოქროს, ხოლო 2008 წ. ნიუ-იორკში პლატინის მედალი დაიმსახურა. 2012-იდან მინერ. წყლის ჩამოსხმა შეჩერდა.