ზიკილია

ზიკილია, სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტის აგარის თემში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), მესხეთის ქედის სამხრ. მთისწინეთში, მდ. მტკვრის მარცხ. ნაპირზე. ზ. დ. 940 მ, ახალციხიდან 16 კმ, აწყურიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 4 კმ. 421 მცხ. (2002). ზ. მდებარეობს ისტ. სამცხეში. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის” მიხედვით (1595) ოსმალთაგან დაპყრობილი ზ. შედიოდა ახალციხის ლივის აწყურის ნაჰიეში. იქ ცხოვრობდა 11 კომლი ქართვ. (პაპუნა მახარებლისძე, ვარძელ გიორგისძე, ივანე გურამასძე, როსება მაზიასძე და სხვ.). ისინი მისდევდნენ მემინდვრეობას (ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, მუხუდო, ოსპი, ცერცვი), მესაქონლეობას (ცხვარი, ღორი), მეხილეობას, მეფუტკრეობას, მოჰყავდათ სელის თესლი (ზეთისთვის) და იხდიდნენ გადასახადს 15000 ახჩას. 1704–05 „ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთრის” მიხედვით, ახალციხის ლივის აწყურის ნაჰიეს სოფ. ზ. ვინმე ჰუსეინის ზეამეთი (საკარგავი) იყო და მისი შემოსავალი ამ სოფლიდან 28000 ახჩას უდრიდა. ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) იხსენიებს ზ-ს და მტკვრის მარცხ. შენაკად ზიკილიის ხევს. სოფლის ერთ-ერთი უკანასკნელი მფლობელი თავადი ელისბარ ციციანოვი ყოფილა. 1944 ზ-ში მოსახლეობა მოვიდა ქართლისა და იმერეთის სოფლებიდან. ამჟამად იქაურთა გვარებია: გაჩეჩილაძე, ინასარიძე, ახალკაცი, ჩერქეზია, შავთვალაძე, მიქაძე, აბაშიძე, სუხიაშვილი, კურტანიძე, ხარატიშვილი, ბლუაშვილი. სოფელში ეკლესია აღარ შემორჩენილა. ხევის მარჯვ. ნაპირზე კლდეში ორი გამოქვაბულია ერთმანეთში გასასვლელით; ორივეში ოთხკუთხა შესასვლელი და თახჩებია გამოჭრილი; მარცხენა, მოზრდილ გამოქვაბულში გახსნილი საფლავია: ქვაყუთის ირგვლივ ადამიანის ძვლები და განვითარებული ფეოდალიზმის ხანის კერამ. ნამსხვრევებია მიმოფანტული. გამოქვაბულებში ბერების სადგომი უნდა ყოფილიყო.

წყარო: გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, ს. ჯიქიას გამოც., წგ. 2, თბ., 1941, გვ. 100; წგ. 3, თბ., 1958; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა (საქართველოს გეოგრაფია), თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941; ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი, ც. აბულაძისა და მ. სვანიძის გამოც., თბ., 1979.

დ. ბერძენიშვილი