ზილი, 1. ქართული ექვსხმიანი გალობის ერთ-ერთი მაღალი (წმინდა) ხმა. ამ მნიშვნელობით ტერმინი „ზ.” მოხსენიებულია XVIII–XIX სს. ქართ. ლიტერატურაში: „ზილი-კრინი, წვრილი ხმა გალობაში” (ნ. ჩუბინაშვილი), „ვახტანგ მეფე და იაკობ მაღლა ზილს მიეტკბურება” (დ. გურამიშვილი). ამჟამად სამხმიან გუნდში ზ. აღარ მონაწილეობს. 2. ჩონგურის „წვრილი” ხმის გამომცემი სიმი (ქვევიდან მეორე), რ-იც გაბმულია ტარის შუამდე. მასზე მელოდია არ დაიკვრება. იყენებენ მხოლოდ შესაბამის აკორდებში. ჩონგურის გადაწყობისას სხვა სიმებთან ერთად ზ-იც იცვლის სიმაღლეს, მაგრამ ყოველგვარ წყობაში ყველა სიმზე მაღლა ჟღერს. ზ. მაღალი სიმის აღმნიშვნელ ზოგად სახელადაც იხმარებოდა.
ზ. ჩხიკვაძე