ზინდისი, ისტორიული სოფელი შიდა ქართლში, სურამისწყლის ხეობაში. იხსენიება დოროთეოს კათოლიკოსის იტრიის ეკლესიისადმი 1584 შეწირულების სიგელში. ზ. იტრიის ეკლესიამ თავდაპირველად ქართლის მეფე გიორგი IX-საგან იყიდა, შემდეგ კი სიმონ I-მა საკუთრებად დაუმტკიცა. ზ-ში ცხოვრობდნენ ჯინგარაძეები, მახარაძეები და ჯონჭორაულები. ზ. გვიანდ. შუასაუკუნეების ადმ.-ტერიტ. დაყოფით შედიოდა ზემო ქართლის სადროშოში. ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) ზ-ს „შინდისის” ფორმით იხსენიებს. ზ. XIX ს. ბოლოს გორის მაზრის სურამის საპოლიციო უბნის იტრიის სასოფლო საზ-ბაში შედიოდა. 1930, მაზრების გაუქმების შემდეგ, ზ. ხაშურის რაიონში შევიდა.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის, წგ. 1, თბ., 1964; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970.
ზ. ცინცაძე