ზნე-ჩვეულება, წეს-ჩვეულება, ადამიანთა ამა თუ იმ საზოგადოებაში დამკვიდრებული ყოფა-ქცევის წესების ერთობლიობა. ზნე ანუ მორალი არის საზ. შეგნების ერთ-ერთი ფორმა. ზნე წარმოადგენს ქცევის ნორმების ერთობლიობას, რ-იც მოიცავს ადამიანების ურთიერთობას და საზოგადოებასთან მათ დამოკიდებულებას. სამართ. ნორმებისაგან განსხვავებით, რ-თაც იცავს სახელმწ. ხელისუფლება, ზნე ემყარება საზ. შეხედულებას, შინაგან რწმენას, ქცევის ნორმებს. ადამიანთა მოქმედების შეფასება ზნეობრივი პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად გამოიხატება ისეთი კატეგორიებით, როგორიცაა სიკეთე და ბოროტება, სინდისი და უსინდისობა, სამართლიანობა და უსამართლობა. ჩვეულება არის გარკვეულ საზ. გარემოში დამკვიდრებული წესი, რ-იც არეგულირებს ადამიანთა მოქმედებას და ქცევას, განაგრძობს არსებობას საზ. ურთიერთობის განვითარების სხვადასხვა საფეხურზე. იგი უშუალოდ არის დაკავშირებული ამა თუ იმ ხალხის ყოფით კულტურასთან და მიჩნეულია ეთნ. კულტურის ერთ-ერთ კომპონენტად. ჩვეულების წარმოშობასა და მის ხასიათზე გავლენას ახდენს ამა თუ იმ ხალხის ცხოვრების ბუნებრივ-საწარმოო პირობები, მისი ისტ. წარსულის, სოც.-ეკონ. ურთიერთობისა და რელიგ. შეხედულებების თავისებურებანი. თუ ჩვეულება ნებადართულია სახელმწ. მიერ, ის იქცევა ჩვეულებითი სამართლის ნორმად. ქართ. ტრადიციების აღწერა-დახასიათებაში ერთიმეორის პარალელურად იხმარება ორი შედგენილი ცნება – ზ.-ჩ. და წეს-ჩვეულება. ზნე და ზნეობა ხშირად იგივეა, რაც წესი და ადათი, მაგრამ იგი უფრო მკაფიოდ ასახავს მორალისა და ეთიკის ნორმებს, გვაცნობს ადამიანის სულიერ თვისებებს და ქცევას. ქართ. სამეცნ. ლიტერატურაში ზ.-ჩ-ის ეთნოგრ. შინაარსი მკაფიოდაა გამოკვეთილი ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) ნაშრომის იმ თავში, რ-საც ეწოდება „ზნენი და ჩვეულებანი საქართველოსანი”. იგი ერთობლივად გვიხატავს ქართვ. ხალხის ყოფას, ჩვეულებებსა და სულიერ ცხოვრებას. ცალკე გამოყოფილ პარაგრაფში (ზნეთათჳს) ქართვ. ხალხის ზნე ანუ თვისებები და ფსიქოლ. სამყარო ასეა დახასიათებული: „ზნენი აქუნდათ პირმტკიცობა, მტერთა ზედა ერთობა, თავისუფლებისათვის მხნედ ბრძოლა, მაგრად დგომა მისთჳს, ციხე-სიმაგრეთა და ქალაქთა შენება, მაგრება ქუეყანისა, ერთისა ცოლისა ქმრობა, რამეთუ მოიყვანიან თჳს-თჳსთა თანასწორთა: მთავარნი მთავართა, აზნაურნი აზნაურთა და უმცირესნი უმცირესთა; და ამის მიერ არა იყო მრავალცოლობა, ვითარცა ვიხილავთ ქართლოსისასა და სხუათაცა”. პარაგრაფში „ჩვეულებისათჳს” ვახუშტი აღწერს ლხინსა და ჭირში (ქორწილი, სუფრის ტრადიციები, გლოვის რიტუალი...) მოქმედ წესებს.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ვ. ითონიშვილი