ზოგიში

ზოგიში, სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტის ალპანის თემში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე), მდ. რიონის მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 520 მ, ცაგერიდან 23 კმ. 293 მცხ. (2002).

ზ. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XIII ს-ში. სოფლის ტერიტორიაზე, შემთხვევით აღმოჩენილია გვიანდ. ანტ. ხანის ბრინჯაოს საკიდი, რ-იც ფრინველის გამოსახულებას წარმოადგენს; ქვის კვირისტავი; ზოომორფულ სახელურებიანი ქოთანი; ბრინჯაოს კოლხური ცული. სოფლის სამხრ-ით, მთის წვერზე, შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები. გალავანი რელიეფს მიჰყვება. კედლის სიმაღლე ზოგან 5 მ-მდე აღწევს. ნაგებია უხეშად დამუშავებული სწორხაზოვნად და მტკიცედ ნაწყობი კლდის ქვითა და ბათქაშით. გალავნის შიგნით 2 კოშკის ნაკვალევი შეინიშნება. აქვეა საგანგებოდ მოწყობილი წყლის რეზერვუარი, რ-იც პერიოდულად თავისით ივსება. ადგილ. მოსახლეობა ციხეს თავად ახვლედიანების საკუთრებად თვლის. 1669 ჭყონდიდელ-ცაგარლის განჩინების წიგნში მოხსენიებულია ლეჩხუმის ბატონი ხოსია ახვლედიანი. ძვ. სასაფლაოსთან, მცირე შემაღლებაზე, შუა საუკუნეების მარიობის ეკლესიის ნანგრევებია. ძეგლს გარს შემოვლებული ჰქონდა გალავანი, რ-ისგანაც დღეისათვის ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი.

ლიტ.: ლეჩხუმი, თბ., 1983.

ნ. სულავა