ერაძე ზაქარია კიკოს ძე

ერაძე ზაქარია კიკოს ძე (1867, სოფ. ფარახეთი, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, – 1953), ცნობილი მესტვირე, ერაძეების მესტვირეთა გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ნიჭიერი იმპროვიზატორი, ნახევრად პროფესიონალი. მესტვირეობა ისწავლა ოჯახში, მამისგან. მასთან ერთად დადიოდა საქართვ. სხვადასხვა კუთხეში, 17 წლის ასაკიდან – დამოუკიდებლად. ზეპირად იცოდა უამრავი ლექსი. შეეძლო სტვირის დაშლა, აწყობა და სხვ. შეხვედრია აკაკი წერეთელს ონში, პოეტის რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობისას. რეპერტუარში ჰქონდა ე. წ. ,,დალოცვები“ (მასპინძლის ოჯახის დალოცვა, ნეფე-პატარძლის დალოცვა, ოჯახის წევრების შექება), ლექს-სიმღერები გამოჩენილ ისტ. პირებზე, თავის თანამედროვეებზე, ბიბლიურ პერსონაჟებზე (,,იესო ქრისტეს ლექსი“, ,,იობის ლექსი“, ,,ედემის ლექსი“, ,,აბრაამის ლექსი“, ,,სიკვდილ-სიცოცხლის ლექსი“) და სხვ. ე. გამოირჩეოდა განსაკუთრებული მეხსიერებით. მისი რეპერტუარის ზოგი ლექსი ასამდე ტაეპს შეიცავდა. ცნობილია ზაქარია მესტვირის სახელითაც.

ლიტ.: ცანავა ა., ქართული მესტვირული პოეზია, თბ., 1953.

მ. შილაკაძე