ერაძე ლეილა უშანგის ასული

ერაძე ლეილა უშანგის ასული (14. II. 1933, თბილისი, – 30. I. 1998, იქვე), პოეტი, მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1990), პროფესორი (1995), აზერბ. კულტურის დამს. მოღვაწე (1981), აზერბაიჯანული ლიტერატურისა და ქართულ-აზერბაიჯანულ ლიტერატურათა ურთიერთობის მკვლევარი. საქართვ. საელჩოს პირველი მდივანი აზერბაიჯანში (1995–98), საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობისა და თანამშრომლობის საზ-ბის ვიცე-პრეზიდენტი (1992). დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის თურქ. ენისა და ლიტ-რის განყ-ბა (1955). ნაწარმოებებს აქვეყნებდა 1955-იდან. ავტორია ლექსთა კრებულებისა: ბაკიბუკით მოვდივარ (1975), აიწონა-დაიწონა (1978), ლექსები (1979), აპრილმა იცის (1987), გადარჩენა (1994) და სხვ. აზერბაიჯანულიდან თარგმნა და ცალკე წიგნად გამოსცა ს. ვურღუნის ლექსები (1960), ნ. ხაზრის ხაზარის პირას (1965), ნ. ჰასანზადეს ლექსები (1983); აზერბაიჯანული პოეზიის ანთოლოგია (1980), აზერბაიჯანელი პოეტები უმღერიან საქართველოს (1981); რომანები: ი. შიხლის ბობოქარი მტკვარი (1982), მ. იბრაჰიმოვის ფარვანა (1984, დ. გულისაშვილთან ერთად) და სხვ. თავის შემოქმედებით ეხმაურებოდა ქართ.-აზერბ. კულტ. მნიშვნელოვან მოვლენებს. ავტორია წიგნებისა: მეგობრობა გზად და ხიდად (1976), ქართულ-აზერბაიჯანულ ლიტერატურათა ტიპოლოგიური ურთიერთობანი (აზერბ. ენაზე, 1984, ბაქო) და სხვ. ე-ს ლექსთა კრებულები თარგმნილია აზერბ., რუს., იტალ. და სლოვაკურ ენებზე. ე. იყო ი. მაჩაბლის სახ. სახელმწ. პრემიის (1994), პენკლუბის საერთაშ. ლიტ. პრემიის (1995), რასულ რზას სახ. პრემიის ლაურეატი (1996).

მ. შონია