ერგეტის არქეოლოგიური ძეგლები

ერგეტის არქეოლოგიური ძეგლები, სხვადასხვა დროის (ძვ. წ. II ათასწლ. დასაწყისიდან ძვ. წ. II–I სს-მდე) არქეოლოგიური ძეგლები. აღმოჩენილია სოფ. ერგეტაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), მდ-ებს ენგურსა და ჭურიას შორის, შავი ზღვიდან 8 კმ-ზე. შესწავლა მიმდინარეობს 1978-იდან. სოფელსა და მის შემოგარენში გამოვლენილია ორ ათეულზე მეტი ნამოსახლარი ბორცვი, ე. წ. დიხაგუძუბა, ორმოცდაათზე მეტი ანტ. ხანის ნამოსახლარი და გვიანდ. ბრინჯაოსა და ადრინდ. რკინის ხანის 4 სამაროვანი. ერგეტას ერთ-ერთ ნამოსახლარ ბორცვზე, რ-იც მამულიების დიხაგუძუბის სახელითაა ცნობილი, აღმოჩენილია ძვ. წ. II ათასწლ. I ნახ. ხის ჯარგვალური ტიპის ნაგებობათა ნარჩენები. ზოგიერთ სათავსში დიდი რაოდენობით იყო ხორბლის, ფეტვის, ღომის, ყურძნისა და თხილის კულტურათა ნაშთები. აგრეთვე ღორის, ძროხის, ირმის, შველისა და ფრინველთა ძვლები. იქვე ნაპოვნია მრავალფეროვანი კერამ. ნაწარმი, ბრინჯაოს ყუამილიანი ცული და ლითონის სხვადასხვა ნივთის ჩამოსასხმელი ყალიბები. ამავე ბორცვზე გაითხარა ადრინდ. ანტ. ხანის კულტ. ფენა. მასში გამოვლინდა კერამ. და ლითონის ნაწარმი, აგრეთვე ძვ. წ. V ს. დასაწყ. ეგვიპტური ფაიანსისაგან დამზადებული იეროგლიფურწარწერიანი ხოჭოს პლასტ. გამოსახულებანი. არქეოლოგიურად შესწავლილია ძვ. წ. I ათასწლ. I ნახ. 4 სამაროვანი, გამოვლენილია საკულტო მოედნები და ორმოსამარხები. მათში აღმოჩნდა ასეულობით თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოსა და რკინის სატევრები, ცულები, შუბისპირები, ისრისპირები, თოხები, სახნისები, სამკაული, საკულტო დანიშნულების ანთროპომორფული და ზოომორფული გამოსახულებანი, ოქროსა და ვერცხლის ნივთები. მათი აბსოლ. უმრავლესობა ადგილობრივადაა დამზადებული, არის იმპორტული ნაწარმიც (სკვითური აკინაკები და ისრისპირები; ირან., მცირეაზიური და ეგვიპტური წარმომავლობის მინის, პასტისა და ფაიანსისაგან დამზადებული მძივები და საბეჭდავები).

 

გათხრილია ძვ. წ. IV–III სს. ნამოსახლარი. აღმოჩენილია ადგილ. წარმოების კერამიკა, აგრეთვე ბერძნ. ცენტრებიდან შემოტანილი ნაწარმი (სინოპური კრამიტი და ლუთერია, თასოსური ამფორები და სხვ.). ძვ. წ. II–I სს-იდან XIX ს-მდე ე-ში ადამიანის ცხოვრების კვალი არ ჩანს. აღმოჩენილი მასალა დაცულია დადიანების სასახლეთა ისტ.-არქიტ. მუზეუმში, ფოთის კოლხური კულტ. მუზეუმსა და საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმში.

ლიტ.: Микеладзе Т. К., Археология Колхиды, Тб., 1990; Микеладзе Т. К., Мигдисова Н. П., Папуашвили Р. И., Основные итоги полевых исследований Колхидской экспедиции, კრ.: Полевые археологические изыскания. 1982, Тб., 1985.

რ. პაპუაშვილი