ზომლეთელი (ნამდვ. გვარი – ქურიძე) ნოე ალმასხანის ძე (1880, სოფ. ზომლეთი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 10. VI. 1938, თბილისი), პოეტი. 1900 დაამთავრა ხონის სამასწავლებლო სემინარია და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. პირველი ლექსი 1899 გამოაქვეყნა. 1901-იდან თანამშრომლობდა გაზ. „კვალთან”. 1905–07 რევოლუციაში აქტ. მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. მისი ლექსები მებრძოლი სულისკვეთებით გამოირჩეოდა („ალ. წულუკიძის ხსოვნას”, 1906; „პოეტი”, 1913; „მშვიდობა ქოხებს”, 1921 და სხვ.). ლექსების პირველი კრებული 1924 გამოაქვეყნა. საქართველოში საბჭ. ხელისუფლების დამყარების შემდეგ იყო ლიტ. ჯგუფის – „პროლეტარული მწერლობის” – ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ზ-ის შემოქმედების უმთავრესი თემაა რევ. ბრძოლა (რომანი „უგულო ღამეები”, ადრინდ. სახელწოდებით „იფქლი”, 1927; პოემები: „კამო”, 1929; „ახალი ნასაკირალი”, 1933 და ლექსები: „ფეიქრები”, 1923; „საბჭოთა ავტო”, 1932; „ორთქლმავალი”, 1933; „თბილის-ზაჰესს”, 1935 და სხვ.). ზ. წერდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ლექსებს, ფელეტონებს, საბავშვო ლექსებსა და მოთხრობებს.
თხზ.: რჩეული, თბ., 1953.
ლ. ავალიანი