ერედა, სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტის წილკნის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), მდ. ერედისხევის (ნარეკვავის მარცხ. შენაკადი) ნაპირას. ზ. დ. 660 მ, მცხეთიდან 20 კმ, ქსნიდან (უახლოესი რკინიგზის სად.) 14 კმ. 565 მცხ. (2002).
ე. წყაროებში XV ს. II ნახევრიდან მოიხსენიება. სოფლის ძვ. სახელწოდებაა ყურისუბანი. ადრე შუა საუკუნეების ხანაში შედიოდა ქსნის ხევში. 1470 გუჯრის მიხედვით ე. ქსნის ერისთავების კუთვნილი სოფელია. მასთან გადიოდა საზღვარი ქსნის საერისთავოსა და საამილახვროს შორის. 1865 ე. შედიოდა ქსნის უბნის ქვემო ბოლის სასოფლო თემში და მასში ცხოვრობდა 10 კომლი. სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩნდა გვიანდ. ბრინჯაოსა და ადრინდ. ანტ. ხანის სამაროვნები. შემორჩენილია ფეოდ. ხანის კოშკის ნანგრევები. სოფელში დგას გვიანდ. შუა საუკუნეების წმ. გიორგის ერთნავიანი ეკლესია. ნაგებია რიყის ქვით, კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია კვადრატული აგური. გადახურულია პილასტრებზე ამოყვანილ საბჯენ თაღზე დაყრდნობილი ოდნავ შეისრული კამარით. ინტერიერში კედლები შელესილი და მოხატულია.
ლიტ.: გვასალია ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ნარკვევები, თბ., 1983.
ჯ. გვასალია