ერეკლე II

ერეკლე II

ერეკლე II (7. XI. 1720, თელავი, – 11. I. 1798, იქვე, დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში), კახეთის მეფე 1744–62, ქართლ-კახეთისა – 1762–98. მისი მშობლები იყვნენ ვახტანგ VI-ის ასული თამარი და კახთა მეფის ერეკლე I-ის ვაჟი თეიმურაზ II. ე. II ქართლისა და კახეთის ბაგრატიონთა შტოების გამაერთიანებელი გახდა, რაც მომავლისთვის ტახტის მოცილეთა წინააღმდეგობას საკმაოდ ასუსტებდა. სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში ჭაბუკობის ასაკიდანვე ჩაება. 15 წლისამ სახელდახელოდ შეკრებილი ლაშქრით ქიზიყიდან მომავალი ლეკთა მარბიელი გუნდები ნეიშინის მინდორზე (ქიზიყის ჩრდ.-დას-ით, ანაგის, ვაქირისა და საქობოს ბოლოს) სასტიკად დაამარცხა. პირველი წარმატებული საბრძოლო ნათლობისას მცირეწლოვანების გამო ხალხმა მას სიყვარულით „პატარა კახი” შეარქვა. ორი წლის შემდეგ (1737) ე. II ნადირ-შაჰმა სპარსეთში გაიწვია ინდოეთის სამხედრო ექსპედიციაში მონაწილეობის მისაღებად, რამაც მას მდიდარი გამოცდილება შესძინა. ამ დროს დაემთხვა ე. II-ის პირველი ქორწინება ვახტანგ ყაფლანიშვილის ასულ ქეთევანზე (დედოფალი მალევე გარდაიცვალა). 1744 ივნისში ნადირ-შაჰის თანხმობით თეიმურაზ II ქართლში, ხოლო ე. II კახეთში გამეფდა. 1745 წ. 1 ოქტომბერს თეიმურაზ II მცხეთაში ქრისტ. წესით ეკურთხა მეფედ, რაც საქართველოში „მუსლიმან მეფეთა ეპოქის” დასასრულს მოასწავებდა. ამ დროისათვის ე. II-მ მეორედ იქორწინა იმერელი თავადის, ზაალ აბაშიძის ასულ ანაზე. მისგან შეეძინა ორი შვილი გიორგი და თამარი. მამა-შვილის შეთანხმებული მართვა-გამგეობა ქართლსა და კახეთში (1744–62) არსებითად აღმ. საქართველოს გაერთიანების ტოლფასი იყო და ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა თავადური ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლას. მათ 1743–44 შეძლეს ქსნისა და არაგვის საერისთავოების გაუქმება და თანამიმდევრობით შეუდგნენ დანარჩენი ურჩი თავადების პოლიტ. უფლებების შეზღუდვას. წარმატება ხვდათ ირანთან ურთიერთობაშიც. ნადირ-შაჰის სიკვდილთან ერთად (1747) ირანის ბატონობა ამიერკავკასიაში ფაქტობრივად შეწყდა, ე. II-ს თავისუფალი მოქმედების საშუალება მიეცა. მან არაერთგზის დაამარცხა ქართლის ტახტის მოცილე აბდულა-ბეგი. ყიზილბაშთა ორსაუკუნოვანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლა (1748) თბილ. ციხე. ახ. შაჰის თანხმობით, 1749 ყაზახ-ბორჩალო ქართლ-კახეთს დაუბრუნდა, რითაც ქართლის სამეფოს სამხრ.-აღმ. საზღვარმა მდ. აღსტაფის ხეობამდე გადაიწია. მამა-შვილმა მეზობელი სახანოების მიერ აღმ. ამიერკავკასიაში გაბატონებისათვის გაჩაღებულ ბრძოლაში ზედიზედ დაამარცხეს და თავის ხელისუფლებას დაუმორჩილეს განჯის, ერევნისა და ნახიჩევანის სახანოები. ე. II-ის მხედართმთავრული ნიჭი სრულად გამობრწყინდა აზატ-ხანის წინააღმდეგ ყირხბულახის ბრძოლაში 1751. ამ ბრძოლის შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტ. გავლენის სფერო მდ. არეზამდე გაფართოვდა. დას. საქართველოში ე. II-ის გავლენის გავრცელებისათვის ხელი უნდა შეეწყო აგრეთვე მის დამოყვრებას დადიანის სახლთან. ანა დედოფლის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ ე. II-მ დადიანის ასული დარეჯანი შეირთო ცოლად. მას 7 ვაჟი და ამდენივე (ან უფრო მეტი) ქალი შეეძინა. ზოგიერთი მკვლევრის ვარაუდით ე. II-ს სულ 24 შვილი უნდა ყოლოდა. XVIII ს. 40–50-იანი წლების წარმატებების ფონზე თანდათან გამოიკვეთა ქვეყნის გადარჩენისა და განახლების დიდი გეგმის კონტურები, რ-იც საქართველოს „გამოხსნისა და აღდგომის” თეიმურაზ-ერეკლესეული პოლიტ. ფორმულით გამოიხატა. ქვეყნის გამთლიანებასა და დამოუკიდებლობასთან ერთად ის საქართველოს ერთიანი ფეოდ. მონარქიის დროინდელ გაერთიანებასაც გულისხმობდა. ე. II-ის ორგანულად მთლიანი საშინაო და საგარეო პოლიტიკა ევრ. განვითარებისაკენ იყო მიმართული. საერთაშ. ურთიერთობაში შეცვლილ ძალთა თანაფარდობა კარდინალურად ცვლიდა ირანისა და თურქეთის დამოკიდებულებას ამიერკავკ. მიმართ. თუ ადრე საქართველო და ამიერკავკ. სხვა ქვეყნები ირანისა და თურქეთის თავდასხმის ობიექტს წარმოადგენდნენ, მოახლოებული რუს. საშიშროების წინაშე ამ რეგიონმა მათთვის უკვე თავდაცვის მთავარი პოზიციის მნიშვნელობა შეიძინა, რუსეთისათვის კი როგორც საქართველო, ისე ამიერკავკასია ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნების გასაღები იყო. ამდენად, დიდ მოქიშპეთათვის ე. II-ის მიმხრობამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. დაპირისპირებულთაგან ერთ-ერთის აგრესიის შემთხვევაში ე. II-ს შეეძლო დახმარების იმედი ჰქონოდა როგორც ერთის, ისე მეორის მხრიდან. ისახებოდა ამ ქვეყნებს შორის საქართველოს დამოუკიდებელ ძალად გამოსვლის პერსპექტივა, თუ იგი ფეხზე წამოდგომასა და ანგარიშგასაწევი ძალის მოკრებას შეძლებდა. ე. II-ის მთელი ძალისხმევა სწორედ ამ დიდი ამოცანის ხორცშესხმისაკენ იყო მიმართული. წარმატებულმა ომებმა ხელი შეუწყო შინაგანი განვითარებისათვის საჭირო პირობების შექმნას. ომი არსებითად საქართვ. ფარგლებს გარეთ ხდებოდა, რაც ქვეყნის შიგნით მშვიდობას უზრუნველყოფდა. შედარებით სტაბილური ვითარება ე. II-მ რამდენიმე ათეული წელი შეინარჩუნა, რამაც საშუალება მისცა მეფესა და მის ერთგულ თანამოაზრე მამიდაშვილს, კათოლიკოს ანტონ I-ს, ქვეყნის გარდაქმნების გზაზე უმნიშვნელოვანესი რეფორმები წამოეწყოთ ეკონ. და კულტ. დარგში, სამართლისა და სახელმწ. მმართველობის სფეროში. სიახლით გამოირჩეოდა საქარხნო-საფაბრიკო წარმოების (შაქრის, მინის, შალის, იარაღის) დანერგვის ცდები, სამთამადნო წარმოების წამოწყება (სპილენძის, ოქრო-ვერცხლის, თუჯის, რკინის), ზარაფხანის განახლება, სტამბის აღდგენა, მდივანბეგების სასამართლოს შემოღება, მმართველობის დარგობრივი დანაწილება (სამხ. საგარეო საქმეთა და სხვ.). სამხ. რეფორმის თავისებურ მცდელობას წარმოადგენდა მორიგე ჯარის შექმნა ლევან ბატონიშვილის მეთაურობით. სემინარიების დაარსება, განათლებულ მოღვაწეთა ძლიერი დასის ჩამოყალიბება, სამეცნ.-პოლიტ. და მხატვრული ლიტ-რის თარგმნა რუსულიდან, ცვლილებები სოც. სფეროში, ახალთავადების („პომეშჩიკების”) გაჩენა და სხვ. – ქვეყნის ასეთ გარდაქმნებში ხედავდა ე. II ფეოდ. ჩამორჩენილობის დაძლევის გზას, მაგრამ წარმატებისათვის აუცილებელი იყო აგრეთვე ჩამორჩენილი გარემოცვის გარღვევა და უფრო რადიკალური რეფორმების გატარება, რაც მსხვილ კაპიტალდაბანდებებს ითხოვდა. ფინანს. რესურსების შევსებას ე. II ვაჭრობის განვითარებითა და უცხ. სავაჭრო კაპიტალის მიზიდვით ცდილობდა. ქვეყნის გამთლიანებასა და მის სამშვიდობოზე გაყვანას უდიდესი სიძნელეები ეღობებოდა თურქეთის მხრიდან, რ-თა დაძლევაც ქართ. სამეფოებს მხოლოდ საკუთარი ძალებით არ შეეძლოთ, მიუხედავად იმისა, რომ 40–50-იანი წლების წარმატებების ზეგავლენით სომხები, ასირიელები, იეზიდები, კავკ. და მახლობელი აღმ-ის სხვა ხალხები გამოთქვამდნენ მზადყოფნას, ე. II-ის მეთაურობით ჩაბმულიყვნენ განმათ. ბრძოლაში. ანტიოსმალური კოალიციების ხანა უკვე დამთავრებული იყო. ევროპულმა სახელმწიფოებმა ირანსა და თურქეთთან თავიანთი ურთიერთობანი ძირითადად მოაგვარეს, რ-ის გამოც, გარკვეული დაინტერესების მიუხედავად, საქართველოს მათთვის ადრინდ. სტრატეგიული მნიშვნელობა აღარ გააჩნდა. თურქეთის ერთადერთ შეურიგებელ მოწინააღმდეგედ რუსეთი დარჩა, რ-იც შავი და კასპიის ზღვების სანაპიროების დასაუფლებლად მოკავშირეებს ეძებდა ამიერკავკასიაში. ე. II-ს თავისი მიზნების განხორციელების ერთადერთ საშუალებად ერთმორწმუნე რუსეთზე ორიენტაცია მიაჩნდა. საკუთარი სახელმწიფოებრივი ამოცანების გადასაჭრელად რუს. იმპერიის ძალების გამოყენება რუსეთ-თურქეთის ომის შემთხვევაში თუ იქნებოდა შესაძლებელი, რის გამოც რუსეთში ქართლ-კახეთის სამეფოს ელჩობათა (1752, 1760) მთავარი ამოცანა ფაქტობრივად ამ ომის დაჩქარება გახდა. ქართველთა დიპლ. ძალისხმევას სომხ. საზღვარგარეთული წრეები სომხ. სახელმწ. აღდგენისა და ქართველ-სომეხთა კავშირის იდეასთან ერთად განიხილავდნენ და ქართ.-სომხ. ფედერ. სახელმწ. შექმნის სხვადასხვა პროექტებს ამუშავებდნენ. მაგრამ ქართველთა ამ დიპლ. ნაბიჯებს პრაქტ. შედეგები არ მოჰყოლია. XVIII ს. 60-იან წლებში ქართლ-კახეთის სამეფოს მდგომარეობა კიდევ უფრო განმტკიცდა, შესაბამისად გაიზარდა ე. II-ის ავტორიტეტი მახლობელ აღმოსავლეთში. მისმა სახელმა ევროპაშიც გააღწია. 1765 ე. II-მ ერევნის სახანოზე გაილაშქრა საქართველოსთვის უშუალოდ მისი შემოერთების შესაძლებლობის მოსასინჯად. 1768 კი ფართო პოლიტ. მიზნებით ჩაება რუსეთ-თურქეთის ომში. რუს. მთავრობა კავკასიაში თავის ჯარებს ნაკლებმნიშვნელოვან ამოცანებს აკისრებდა და ცდილობდა კავკასიაში თურქთა შესაბოჭად საქართვ. სამხ. ძალები გამოეყენებინა. საექსპედიციო კორპუსის მეთაურს გენ. გ. კ. ჰ. ტოტლებენს ნაბრძანები ჰქონდა, რუსთა მფლობელობის გაფართოების მიზნით ძირითადად ემოქმედა დას. საქართველოში, შავი ზღვის სანაპირო ზოლში. მიუხედავად ამისა, ე. II-მ მაინც შეძლო, განეწყო ტოტლებენი ახალციხეზე სალაშქროდ. ასპინძის ბრძოლაში კიდევ ერთხელ გამობრწყინდა ე. II-ის მხედართმთავრული ნიჭი, მაგრამ რუს. მთავრობის მხარდაჭერის გარეშე მოპოვებული გამარჯვებით სარგებლობა შეუძლებელი გახდა. რუსეთთან ომში თურქეთის დამარცხებამ ე. II-ს ხელები გაუხსნა ამიერკავკასიაში აქტ. მოქმედებისათვის. 1779 ე. II. ლაშქრით ერევნისაკენ დაიძრა საქართველოსთვის ერევნის სახანოს უშუალო შემოერთების მიზნით. გადამწყვეტ მომენტში ე. II-ის ზურგსუკან ამოქმედებულმა ძალებმა რუსეთიდან „აშვებული” ქართლის ტახტის პრეტენდენტი ალექსანდრე ბაქარის ძე საქართველოში შემოიყვანეს, რ-ის გამოც ე. II იძულებული გახდა წამოწყებული დიდი საქმე მომავლისთვის გადაედო. აშკარა იყო, რომ რუსეთი თვითონ აპირებდა კავკასიაში გაბატონებას და ე. II-ის შემდგომი გაძლიერება მას ხელს არ აძლევდა. 1783 დაიდო გეორგიევსკის ტრაქტატი – ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის მფარველობაში შევიდა. მაგრამ, საქართველოში მშვიდობიანად შემოსული რუსეთი ამიერკავკასიაში სრული გაბატონებისათვის ემზადებოდა. ერთიანი, ძლიერი საქართველოსა და ე. II-ის ჰეგემონისტური მისწრაფებები ხელს უშლიდა მის მიზნებს, ამიტომ იგი ქართლ-კახეთის სამეფოს თანამიმდევრულ დასუსტების პოლიტიკას დაადგა. მართალია, ე. II-მ ქართ. სამეფო-სამთავროთა დროებით შეკავშირება თითქოს შეძლო კიდეც (1790), მაგრამ იგი უკვე თითქმის დაუძლურებული იყო. ცენტრ. ხელისუფლებას აგრეთვე მნიშვნელოვნად ასუსტებდა ე. II-ის მრავალრიცხოვანი შვილებისა და შვილიშვილების პრეტენზიათა დასაკმაყოფილებლად დედოფლის გავლენით მიღებული ტახტის მემკვიდრეობის ახ. წესი (1791), რ-ის მიხედვით მეფობა უნდა გადასულიყო ძმიდან ძმაზე და საუფლისწულოების ჩამოყალიბების დაკანონება (1792). კრწანისის ტრაგედიაც (იხ. კრწანისის ბრძოლა 1795) შექმნილ სიტუაციაში ერთობ სიმბოლური ჩანდა. თუმცა მეფის ავტორიტეტი ვერც ამ მძიმე მარცხმა შეარყია. ხალხის მეხსიერებაში ის ქვეყნის დამოუკიდებლობისა და აღორძინებისათვის მებრძოლ რაინდად დარჩა. რუსეთის მიერ ტრაქტატით ნაკისრი ვალდებულებების რეალიზაცია კი ე. II-მ მომავალ თაობებს უანდერძა. ე. II იმავე ოთახსა და იმავე საწოლში გარდაიცვალა, სადაც დაიბადა. მეფის სიკვდილის ამბავი რომ გახმაურდა, ხალხი ყოველი მხრიდან თელავს მიაწყდა. სამგლოვიარო პროცესში მონაწილეობას იღებდა ქართ. ჯარი თავისი დროშებითა და ქვემეხებით. მისი შვილიშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის, გადმოცემით, მეორმოცე დღეს ე. II-ის ცხედარი მცხეთაში წაასვენეს და სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალეს.

წყარო: გეორგიევსკის ტრაქტატი, გ. პაიჭაძის გამოც., თბ., 1983; მაჭარაძე ვ., მასალები XVIII ს. II ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, ნაწ. 2, თბ., 1968; ორბელიანი პ., ჰამბავნი ქართლისანი, ელ. ცაგარეიშვილის გამოც., თბ., 1981; [ხერხეულიძე ო.] ომან მდივანბეგი, მეფობა ირაკლი მეორისა, ლ. მიქიაშვილის გამოც., თბ., 1989.

ლიტ.: ბენდიანიშვილი ა., დაუშვილი ა., სამსონაძე ნ., ქოქრაშვილი ხ., ჭუმბურიძე დ., ჯანელიძე ო., რუსული კოლონიალიზმი საქართველოში, თბ., 2008; ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965; წგ. 5, თბ., 1971; მანველიშვილი ა., რუსეთი და საქართველო (1801–1951), ტ. 1, პარიზი, 1951; პეტრიაშვილი თ., აღსასრული და გაპატიოსნება პატარა კახისა, „ისტორიანი”, N5, 2011; სამსონაძე მ., საქართველოს გაერთიანების პრობლემა და საგარეო ორიენტაცია XVIII საუკუნეში, თბ., 1988; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; ქიქოძე გ., ერეკლე მეორე, გამოც. მე-3, თბ., 1958; ცინცაძე ი., 1783 წლის მფარველობითი ტრაქტატი, თბ., 1960; მისივე, აღა-მაჰმად-ხანის თავდასხმა საქართველოზე, თბ., 1963.

გ. მაისურაძე