ერეკლე II-ის მონეტები, XVIII ს. II ნახევარში ერეკლე II-ის სახელით მოჭრილი სპილენძის მონეტები. იყოფა რამდენიმე ტიპად და ვარიანტად: 1. მოჭრილია თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის ერთობლივი მმართველობის ხანაში (1744–60). შუბლზე გამოსახულია შავარდენი, რ-იც წეროს კორტნის, ზურგზე – სამსტრიქონიანი სპარს. წარწერა “მონა ღვთისა” და თარიღი ჰიჯრით – 1166, 1168, ან 1169 (ე. ი. 1752–56) “იჭედა თბილისს”; თარიღის მარცხნივ და მარჯვნივ ქართულად წერია “თე” და “ერ”, ე. ი. თეიმურაზი და ერეკლე; 2. შუბლზე რთულ ორნამენტულ ჩარჩოში ჩასმულია ბაგრატიონთა საგვარეულო გერბი (გვირგვინი, სასწორი, სფერო, სკიპტრა და მახვილი), ზურგზე, ჩარჩოში არის ქართ. ასომთავრული წარწერა (“ერეკლე”), ქვემოთ კი – სპარს. წარწერა (“იჭედა თბილისს”) და თარიღი ჰიჯრით 1179 (ე. ი. 1765–66); 3. შუბლზე თევზის გამოსახულებაა, ზურგზე – ზედწერილი ასომთავრულით (“ერეკლე”) და სპარსულად – “იჭედა თბილისს”, თარიღი ჰიჯრით 1190 (ე. ი. 1776–77); 4. შუბლზე გამოსახულია ორთავიანი არწივი, ქვემოთ – თარიღი ევროპულად (1781, 1787, 1789 და სხვ.), ზურგზე – ზედწერილი ასომთავრულით “ერეკლე”, სპარს. წარწერა “იჭედა თბილისს” და შესაბამისი თარიღები ჰიჯრით; 5. შუბლზე გამოსახულია ერთთავიანი არწივი, ქვემოთ – თარიღი (1796), ზურგზე – ერეკლეს სახელი ასომთავრულით, სპარს. წარწერა “იჭედა თბილისს” და თარიღი ჰიჯრით 1210 (ე. ი. 1795–96). იჭრებოდა შაურის, ბისტის და ნახევარბისტის ღირებულების მონეტები.
ლიტ.: კაპანაძე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969.
გ. დუნდუა