ერეკლე II-ის სტამბა, დაარსდა თბილისში 1749, იარსება 1802-მდე. თავდაპირველად მოთავსებული იყო ანჩისხატის ეკლესიის ეზოში, საპატრიარქო პალატის შენობაში, 1763-იდან კი – ქალაქის ცენტრში (მეფის სასახლეში). 1781–82 სტამბას საფუძვლიანი რეკონსტრუქცია გაუკეთეს: დადგეს ახ. საბეჭდი დაზგა, ჩამოასხეს შრიფტი და სხვ. პირველ ხანებში სტამბას მძიმე პირობებში უხდებოდა მუშაობა მისი თავკაცის – ანტონ I კათოლიკოსის საქართველოდან განდევნისა და რთული პოლიტ. ვითარების გამო. 1763-იდან წიგნების ბეჭდვა-გამოცემის საქმეს გამოცოცხლება დაეტყო, რასაც მთელ რიგ პირობებთან ერთად ხელი შეუწყო ანტონ I-ის სამშობლოში დაბრუნებამ. 1784-იდან სტამბას სათავეში ჩაუდგა ერეკლე II-ის კარის ეკლესიის მოძღვარი, მარტყოფელი მღვდელი ქრისტეფორე კეჟერაშვილი, რ-მაც იგი იჯარით აიღო. მან არსებითი ცვლილებები შეიტანა ქართ. წიგნის ბეჭდვის საქმეში, გაზარდა ტირაჟი, ზრუნავდა მისი სწრაფი რეალიზაციისთვის. წიგნებს კალენდრის სახით დაურთო ცნობები თვეებსა და საეკლ. დღესასწაულებზე, გაზარდა წიგნების ოდენობა დასახელების მიხედვით. საერთოდ სტამბაში დაიბეჭდა 28 დასახელების წიგნი, მ. შ. “დავითნი”, “სახარება”, “სამოციქულო”, “კონდაკი”, “ლოცვანი”, “კურთხევანი” და სხვ.; ფილოს. და ისტ. ხასიათის წიგნები: “კიტაიის სიბრძნე”, დ. ბაგრატიონის “ნარკუევი” და სხვ. ძვ. ქართ. ნაბეჭდი ორიგინ. ლიტ-რის უმეტესი ნაწილი გამოცემულია ერეკლეს სტამბაში (ანტონ I კათოლიკოსის “ქადაგება”, “შესხმა პირველი ახლისა ამისა წიგნთ-საბეჭდისა” და სხვ.).
ლიტ.: კასრაძე ო., ძველი ქართული ნაბეჭდი წიგნი, თბ., 1973; მისივე, ქართული წიგნის ბეჭდვის კერები (XVIII ს.), თბ., 1980.
ო. კასრაძე