ერელაანთ ეკლესია, ერელაანთ საყდარი, V–VI სს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვარგუმბათოვანი ტაძარი. მდებარეობს ახმეტიდან 4 კმ-ში, თიანეთის გზატკეცილის მარჯვ. მხარეს. გეგმით მარტივი, „თავისუფალი ჯვრის” ტიპის ნაგებობა; აღმ-ით აფსიდი აქვს, დანარჩენი 3 მკლავი სწორკუთხაა. დასავლეთის მკლავი ოდნავ დაგრძელებულია. ჩრდილოეთისა და სამხრეთის მკლავების აღმ. კედლებში მოწყობილი აქვს თითო პატარა აფსიდი. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა განხორციელებულია ტრომპების მეშვეობით. რვაწახნაგა გუმბათის ყელში 4 სარკმელია გაჭრილი. თითო პატარა სარკმელია აგრეთვე ეკლესიის გვერდითი მკლავების აფსიდებში. შესასვლელი ერთია – სამხრ-იდან. ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, აქა-იქ გვხვდება შირიმიც; ფასადების და კედლების შიგა პირისთვის კი გამოყენებულია კირქვის ფილები. საკურთხევლის აფსიდში 2 ნიშია. ე. ე-ის მორთულობა ძუნწია. შემორჩენილია XVII ს. მოხატულობის მოზრდილი ფრაგმენტები. საკურთხევლის სარკმლისა და სამხრეთის შესასვლელის თავზე მცირედ შვერილი თაღოვანი სათაურებია, ჰორიზონტალურად გადაკეცილი ბოლოებით. აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფასადებზე, ფრონტონის წვერში, უხეშად გამოყვანილი ჯვარია. ეკლესია ძლიერ იყო დაზიანებული. 1969 ჩაუტარდა რესტავრაცია (არქიტ. ო. თორთლაძე). ჩამოქცეული გუმბათი და დას. მკლავი აღდგენილია. ეკლესიას გარს ევლებოდა რიყის ქვით ნაგები გალავანი (დიდი ნაწილი აღდგენილია). ეკლესიასა და ეზოში გამოვლენილია განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების ორმოსამარხები და ქვისსამარხები, რ-ებშიც აღმოჩენილია ბრინჯაოს საყურე, თეთრკეციანი და მოჩალისფროდ გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები.
ლიტ.: XVI სამეცნიერო სესია, მიძღვნილი 1966 წლის საველე-არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგებისადმი. მოკლე ანგარიშები, თბ., 1967; Чубинашвили Г. Н., Крестово-купольная церковь Эрелаант-Сакдари близ Ахмета, წგ.: Вопросы истории искусства, т.1, Тб., 1970.
რ. გვერდწითელი
ბ. ჯორბენაძე