ერემიანი სურენ ტიგრანის ძე

ერემიანი სურენ ტიგრანის ძე [28. III (10. IV). 1908, თბილისი, – 17. XII. 1992, ერევანი], სომეხი ისტორიკოსი. სომხ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1963), ისტ. მეცნ. დოქტორი (1953), პროფესორი (1955). სომხ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961). 1928 დაამთავრა თბილ. 43-ე საშ. სკოლა, 1931 – ერევნის უნ-ტის ისტ.-ეკონ. ფაკ-ტი, 1934 – სსრკ მეცნ. აკად. ამიერკავკ. ფილიალის კავკასიისმცოდნეობის ინ-ტის ასპირანტურა აკად. ნ. მარის ხელმძღვანელობით (თბილისი). 1935–41 მუშაობდა სსრკ მეცნ. აკად. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტში ლენინგრადში, 1953–59 იყო სომხ. მეცნ. აკად. ისტორიის ინ-ტის დირექტორი, 1963–68 – სომხ. მეცნ. აკად. საზოგადოებათმცოდნეობის განყ-ბის აკად.-მდივანი. მისი ნაშრომები ეხება სომეხი ხალხის ეთნოგენეზს, ძვ. სომხ. ქალაქების ისტორიას, ამიერკავკ. ხალხთა ისტ. პერიოდიზაციას, ისტ. გეოგრაფიისა და ისტ. კარტოგრაფიის საკითხებს. საქართვ. ისტ. ფაქტების გაშუქებისას ავლენდა ტენდენციურ დამოკიდებულებას, რაც განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა მეცნ.-პოპულ. ნარკვევში „ამირსპასალარი ზაქარია ერკაინაბაზუკი”. ქართ. გვარსახელის სომხურად წარმოდგენით, წიგნის ავტორი მკითხველს სათაურიდანვე უქმნიდა შთაბეჭდილებას მხარგრძელთა თითქოსდა სომხ. წარმომავლობაზე. ე., გვერდს უვლიდა რა თვით სომხ. წყაროების (კირაკოს განძაკეცი, ვარდან დიდი) ავთენტიკურ ცნობებს მხარგრძელთა ეთნ. წარმომავლობაზე, აცხადებდა, რომ მათი გვარია „ზაქარიანი” და ის წარმოდგება დავით აღმაშენებლის ამირსპასალარის ზაქარია უფროსის სახელიდან. მხარგრძელთა სხვა განშტოებებსაც, კერძოდ გაგელებს და თმოგველებს, ასევე სომხ. საგვარეულოებად მიიჩნევდა. ამასთან თამარ მეფის ამირსპასალარის ზაქარიას პიროვნება ამ ნარკვევში უზომოდაა განდიდებული. ცნობილია, რომ ქართ. სახელმწ. მმართველობის სათავეში, მეფის შემდეგ ვაზირი – მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი იდგა, რ-ის ხელქვეითი მოხელეც სწორედ ამირსპასალარი იყო და ამ უკანასკნელს მის გარეშე ჯარის შეკრებაც კი არ შეეძლო. ქართვ. დიდმოხელეთა გასომხების დაუოკებელი სურვილია გამჟღავნებული მის ნაშრომში «Юрий Боголюбский по армянским и грузинским источникам» („ერევნის სახელმწ. უნ-ტის შრომები”, 1946, ტ. 23). ე-ის აზრით, საქართველოს სახელმწ. შემადგენლობაში მყოფი სომხეთი, თურმე, განსაკუთრებულ ავტონ. უფლებებს ინარჩუნებდა, რამდენადაც, საქართველოს ცენტრალიზებულ მონარქიას, ფაქტობრივად სომხები მართავდნენო. ფაქტებისა და მოვლენების მსგავსი დამახინჯებული ინტერპრეტაცია მეტ-ნაკლებად ახასიათებს ე-ის სხვა ცნობილ ნაშრომებსაც. ამიერკავკ. ისტ. გეოგრაფიის საკითხების განხილვისას ე. ასევე ტენდენციური იყო სომხ. ისტორიის სასარგებლოდ. მაგალითად, სხვადასხვა ეპოქის ამსახველ ისტ. რუკებზე, სამხრ. საქართველოს დიდი ნაწილი სავსებით გაუმართლებლადაა მოქცეული სომხეთის ფარგლებში.

თხზ.: Торговые пути Закавказья в эпоху Сасанидов, «Вестник древней истории» («ВДИ»), 1939, №1; Сюния и оборона сасанидами кавказских проходов, «Известия АрмФАНа», 1941, № 5–6; О рабстве и рабовладении в древней Армении, «ВДИ», 1950, №1; Народно-освободительная война армян против персов в 450–451 гг., «ВДИ», 1951, №1; Опыт периодизации истории Армении эпохи феодализма, «Вопросы истории», 1951, №7; История Армении III–XVI вв., Очерки истории СССР, М., 1953,1955, 1958; Армения по «Ашхарацуйц»-у (Армянской географии VII века), Ер., 1963.

გ. მაისურაძე