ერთაწმინდელი სეზმან ალექსის ძე

ერთაწმინდელი (ნამდვ. გვარი – ბატკუაშვილი) სეზმან ალექსის ძე (25. XI. 1890, სოფ. ერთაწმინდა, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, – 24. VI. 1944, თბილისი; დაკრძალულია ერთაწმინდაში), მწერალი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1910 გაზ. „სინათლეში”. ქართ. ლიტ-რაში უმთავრესად მცირე ზომის პიესებით დაიმკვიდრა ადგილი. მისი ნაწარმოებები („სიკვდილი ჩრდილოეთში”, 1911; „ლურჯხალათიანი”, 1912; „დაჭრილი ორბი”, 1913) ხელს უწყობდა რევ. იდეების გავრცელებას. პოპულარული იყო ე-ის ყოფითი დრამა „წარსულის ნანგრევებზე” (1913). 1921–27 ე. წითელ არმიაში მსახურობდა და ლიტ. და დრამ. წრეებს ხელმძღვანელობდა. 1925 სცენისმოყვარეთა დასის „ლურჯი ხალათის” დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი იყო. დასმა წარმოადგინა მისი აგიტსატირული პიესები: „ვირტაჭი”, „რეჟიმეკონომია”, „ცეკვა ბებუთით” და სხვ. ე-ს ეკუთვნის პიესების კრებულები: „პატარა პიესები” (1929), „ზღვის ორბები” (1934); ლექსთა კრებ. „პოეტი-არწივი” (1920); მოთხრობების კრებულები: „გველების ქარავანი” (1934), „ინდიანა” (1935), „უშიშარი ვანო” (1960); „მოთხრობები და ლექსები” (1960) და სხვ.

ლიტ.: გაჩეჩილაძე მ., სეზმან ერთაწმინდელი, «საბჭოთა ხელოვნება», 1966, N12.

ლ. ავალიანი