ზოოლოგიური პარკი, ზოოპარკი, სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნების დემონსტრაციის, მათი შესწავლის, საბუნებისმეტყველო-სამეცნ. ცოდნის გავრცელებისა და გარეული ცხოველების დაცვის პროპაგანდის მიზნით ვოლიერებში, ზოგჯერ ნახევრად თავისუფალ ადგილებზე (შემოღობილ დიდ ფართობზე, რ-იც ბუნებრივ პირობებს გავს) ჰყავთ გარეული ცხოველები. გარდა ამისა, ზ. პ-ის მიზანია, შეინარჩუნოს იშვიათი და გადაშენების პირას მდგომი ცხოველების გენოფონდი. თბილისში ზ. პ. დაარსდა 1927 საქალაქო საბჭოს აღმასკომის დადგენილებით. მის მოსაწყობად მდ. ვერეს ხეობაში გამოიყო 120-მდე ჰა მიწის ნაკვეთი (2014-თვის 9 ჰა), სადაც გათვალისწინებული იყო კავკ. ანუ მხარეთმცოდნეობის, სსრკ-ის ფაუნის, ეგზოტიკური ცხოველების, სას.-სამ. ცხოველების განყოფილებების გახსნა. თბილ. ზ. პ-ში სამეცნ. მუშაობას ეწეოდნენ დ. აგლაძე, მ. რჩეულიშვილი, ა. ჯანაშვილი, ი. ჯანდიერი და სხვ. პრიმატების ფსიქიკასა და სხვა თავისებურებებს სწავლობდნენ ნ. ძიძიშვილი და ცხოველთა ფიზიოლ. ქართ. სკოლის ფუძემდებელი, ი. ბერიტაშვილი. 1931 ზ. პ-ში დაარსდა პარაზიტოლოგიის ლაბორატორია და ზოოლ. მუზეუმი. 1935 ი. ჯანდიერის თაოსნობითა და ხელმძღვანელობით იქვე გაიხსნა ბოილ. სადგური, რ-იც 1938 თსუ-ს გადაეცა. დღეისათვის თბილ. ზ. პ-ში მოქმედებს ცხოველთა კოლექციის შემდეგი განყოფილებები: მტაცებელ ცხოველთა, პრიმატების, ფრინველების, ჩლიქოსან ცხოველთა, კინოლოგიური, ეგზოტარიუმის (თევზების, ამფიბიებისა და რეპტილიების), სამეცნ.-საგანმან., ვეტ., გამწვანების, მარკეტინგისა და საზ-ბასთან ურთიერთობის განყ-ბები; აგრეთვე საზედამხედველო სამსახური, საწყობი, სამეურნეო ნაწილი. ახლანდ. მდგომარეობით ზ. პ-ის ცოცხალ კოლექციაში შედის: თევზების 146, ქვეწარმავლების 35, ფრინველების 30, ჩლიქოსნების 21, მტაცებლების 18 და პრიმატების 3 სახეობა. ზ. პ. შევსებულია ცხოველთა ახ. სახეობებით: თეთრი მარტორქა, თეთრი ლომი, აფრ. ცივეტა, აფრ. გენეტა, კატისებური ლემური, ხალებიანი აფთარი, მილკბილა, დიდყურა მელა, დაბლობის ტაპირი, ჯუჯა ცხენი ფალაბელა, შოტლანდიური პონი, ანტილოპა დიკ-დიკი, თეთრყელა ვარანი, მწვანე პითონი, ლეოპარდისებური კუ, თუთიყუში არა და ა.შ. აგრეთვე ბეჰემოტი, ინდური სპილო, აფრიკული გარეული ძაღლი; საქართვ. ცხოველთა სამყაროს ბინადარი ცხოველები: მურა დათვი, რუხი მგელი, მელა, ტურა, ჯიხვი, კეთილშობილი ირემი, შველი, გარეული ღორი; ასევე კოლხური ხოხობი, გიურზა და ა. შ. 2007 წლის 30 დეკემბერს დაიბადა მამრი ინდური სპილო. მრავლდებიან იაგუარები, თეთრი ვეფხვები, ლომები, აზავერები, ლამები, ზებრები, გარეული ღორები, ხოხბებისა და თუთიყუშების, თევზებისა და ქვეწარმავლების სხვადასხვა სახეობები. აშენდა ღია ტიპის ვოლიერები დათვების, ლომების, ვეფხვების, მგლების, აფრ. გარეული ძაღლების, ტურების, მელიების, მაჩვ-ზღარბების, მილკბილას, ნიანგებისა და ფარშავანგებისთვის. აშენების პროცესშია ახ. ვოლიერები. 2006 ზოოპარკში გაიხსნა ამიერკავკასიაში პირველი ზღვის აკვარიუმი. 2006-იდან თბილ. ზ. პ. სახეობების საერთაშ. საინფორმაციო ცენტრის ISIS (International Species Information System) წევრია, ხოლო 2010-იდან – ევრ. ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის – EAZA (European Association of Zoos and Aquaria) – წევრობის კანდიდატი. თბილ. ზ. პ-ს მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები აქვს როგორც ევრ. და ამერ. წამყვან, ასევე საქართველოს მეზობელი ქვეყნების, კერძოდ კი, ერევნისა და ბაქოს ზოოლ. პარკებთან.
დ. თაქთაქიშვილი