ზოსიმე (Zosimos), V საუკუნის მეორე ნახევრის ბიზანტიელი მემატიანე. თავის „ახალ ისტორიაში”, რ-იც მოიცავს იმპერატორების ხანის ისტ. მოვლენებს 410-მდე, მოგვითხრობს კოლხეთის სანაპიროზე, გუთების თავდასხმების შესახებ III ს. შუა ხანებში. „სკვითებმა” (ასე უწოდებს იგი გუთებს), მისი თქმით, დაარბიეს მხარეები ვიდრე კაპადოკიამდე, პიტიუნტამდე და ეფესომდე. 252 გუთები ბოსფორელთა ხომალდებით მიდგომიან კავკ. სანაპიროს და თავს დასხმიან პიტიუნტს. რომაელებს დაუმარცხებიათ გუთები. რამდენიმე ხნის შემდეგ გუთებს კვლავ გაულაშქრებიათ კოლხეთის სანაპიროზე, გადმოსულან ფაზისის მახლობლად, სადაც, ისტორიკოსის თქმით, ფასიანელი არტემიდას ტაძარი და აიეტის სასახლე ყოფილა. გუთებს ვერ აუღიათ ტაძარი და კვლავ პიტიუნტს დასხმიან თავს, აუღიათ და გაუძარცვავთ იგი. შემდეგ ზღვით ტრაპეზუნტისათვის შეუტევიათ, ქალაქი აუღიათ და აუოხრებიათ. სავარაუდოა, გუთების მარცხი ფაზისთან მიუთითებს ლაზთა სამეფოს ძლიერების ზრდაზე, რ-ებმაც რომაელთა გარნიზონთან ერთად შეძლეს გუთების მოგერიება.
თხზ. [წგ.]: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ალ. გამყრელიძისა და ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1961.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970.
გ. მელიქიშვილი