ერთი მსახიობის თეატრი „ვერიკო“, შეიქმნა 1987 კ. მახარაძის ინიციატივითა და თაოსნობით. თეატრი თავდაპირველად არსებობდა დარეჯანის სასახლის „სამლოცველო საჩინოში”, შემდგომ ბინა დაიდო ვ. ანჯაფარიძისა და მ. ჭიაურელის კერძო სახლ-მუზეუმში. ე. მ. თ. „ვ.“ აგებული იყო ლიტ. თეატრის პრინციპზე (პუბლიცისტური, შემეცნებითი სპექტაკლების ავტორ-შემსრულებელი – კ. მახარაძე). დაიდგა მონოსპექტაკლები: „რაც მტრობას დაუნგრევია…” (1987, მეტეხის თეატრის სცენაზე; ტექსტის თანაავტორი – ა. ბაქრაძე), „გამოიღვიძე, ქნარო” (1988, ტექსტის ავტორი – ჯ. აჯიაშვილი), „ბაგრატიონები” (1990, ტექსტის ავტორები: კ. მახარაძე და ლ. სანიკიძე); დაიდგა საავტორო სპექტაკლები: მ. ჯინორიას „და სიმღერით ვკვდები” (1995) და „ზღვა ძალიან ღელავს” (1996), გ. რეიმსჰაგენის „კაპრიჩიო” ნ. ბურდულის მონაწილეობით (1996), „ლაზიერის გამბიტი” (1997, ბ. ფოცხიშვილის სპექტაკლი მ. ფოცხიშვილის ლექსების მიხედვით), მ. სანტანელის „დედა-დედოფალი” ს. ჭიაურელისა და მ. ჯინორიას მონაწილეობით (1998, რეჟ. თ. კოშკაძე), „სტალინი” (1998, ავტორი კ. მახარაძე), „კარმენი” მ. ჯანაშიას მონაწილეობით (1999), ნ. დუმბაძის „მონატრება” (რეჟ. კ. მირიანაშვილი, 2000), უ. შექსპირის „ჰამლეტის” მიხედვით “დროთა კავშირი დაირღვა” (2000, მ. ჯინორიას საავტორო სპექტაკლი). ე. მ. თ „ვ-ში” ეწყობოდა შეხვედრები ხელოვნ. გამოჩენილ მუშაკებთან, შემოქმედებითი საღამოები. თეატრი საგასტროლოდ იყო თელ-ავივსა და აშდოდში (ისრაელი, 1988), აგრეთვე ერთი მსახიობის თეატრების ფესტივალებზე: კიევში (1996, სპექტაკლი „ბაგრატიონი” დაჯილდოვდა გრან-პრით), კიშინიოვში (1999, სპექტაკლი „კარმენი”; მსახიობმა მ. ჯანაშიამ მიიღო ფესტივალის უმაღლესი ჯილდო – „ოქროს იონი”).