ერთნავიანი ეკლესია

ერთნავიანი ეკლესია, დარბაზული ეკლესია, ქრისტიანული საკულტო ნაგებობის ერთ-ერთი უმარტივესი ტიპი. კამარით გადახურული, გეგმით სწორკუთხა ნაგებობა, რ-საც აღმ-ით ნახევარწრიული აფსიდი აქვს (საქართველოში არსებობს სწორკუთხა საკურთხევლიანი ერთნავიანი ეკლესიებიც, მაგრამ ეს ტიპი ფართოდ არ გავრცელებულა). ჩვეულებრივ დასრულებულია ორფერდა სახურავით, რ-იც დას. და აღმ. ფასადებზე ფრონტონებს ქმნის. ე. ე. გავრცელებულია მთელ საქართველოში. იგი შეიქმნა უადრეს ხანაში და სხვა უგუმბათო შენობებისაგან განსხვავებით, იარსება შუა საუკუნეების დასასრულამდე. ე. ე-ის ასეთი ხანგრძლივი არსებობისა და ფართოდ გავრცელების ერთ-ერთი ფაქტორია მისი გეგმისა და კონსტრუქციის სიმარტივე, მშენებლობისა და საშენი მასალის ხელმისაწვდომობა (სოფლის პატარა სამლოცველო-ეკლესიები სწორედ ამ ტიპს მიეკუთვნება). ე. ე-მ არსებობის განმავლობაში მარტივიდან რთულისკენ განვითარების დიდი გზა განვლო. ამ ტიპის ადრინდ. ხანის ძეგლები გამოირჩევა ჰარმონიული პროპორციებით, კედლის მშვენიერი წყობით და იმ მომხიბვლელი იერით, რ-იც თანაბრად ახასიათებს იმ დროის დიდ და მცირე ძეგლებს. VI–VII სს-ში ე. ე. მარტივი გეგმის მცირე ზომის ნაგებობაა სადა ინტერიერით. აფსიდი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მეტწილად კედლების სწორკუთხედშია მოქცეული. აღმ.-დას. ღერძი არ არის დაგრძელებული (სიგრძისა და სიგანის შეფარდება 2:1; თეთრიწყარო, ოლთისი, აკვანება), საკურთხევლის გვერდით არ არის სათავსები. ქართ. ხუროთმოძღვრების გარდამავალ ხანაში (VII ს. II ნახ. – X ს. I ნახ.) უკვე ჩნდება პილასტრების ერთი (იშვიათად ორი) წყვილი და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღები, რ-ებიც გრძივ კედლებსა და კამარას ანაწევრებს ორ ან სამ მონაკვეთად (კომპარტიმენტად). ამასთან, ჩრდ. და სამხრ. კედლებზე ეწყობა პილასტრებზევე დაყრდნობილი კედლის თაღებით შემოფარგლული ბრტყელი ნიშები, ე. ი. უკვე ჩანს ინტერიერის პლასტ. დამუშავების ნიშნები (უბისი, კუსირეთი, ქემერტი). გვხვდება შვერილი აფსიდი, თუმცა გეგმის პროპორცია (სიგრძე-სიგანის შეფარდება) თითქმის უცვლელი რჩება. X ს. II ნახ. – XI ს. I ნახევარში და მოგვიანებითაც უფრო ხშირია პილასტრებისა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღების 2 წყვილით გრძივი კედლებისა და კამარის სამ მონაკვეთად დანაწევრება. იმ შემთხვევაში, თუ სიგრძე საგრძნობლად სჭარბობს სიგანეს, როგორც გამონაკლისი, გვხვდება უფრო მეტ ნაწილად დანაწევრების ერთეული მაგალითებიც (ზემო ყარაბულახი, სათხე, შეფიაქი). ყველა დანარჩენ შემთხვევაში დარბაზის სივრცე მოკლეა (ეხვევი, დარკვეთი, სპეთი) ან არ გამოდის დადგენილი პროპორციის ფარგლებიდან (სავანე, ხცისი, მაღალაანთ ეკლესია). რთულდება გეგმაც. ზოგან უკვე ჩანს საკურთხევლის ორივე მხარეს განლაგებული გეგმით წრიული ღრმა ნიშები (სავანე, დისევი) ან გეგმით მართკუთხა (ზოგჯერ აფსიდიანი) მცირე ზომის სათავსები – სამკვეთლო და სადიაკვნე. თითქმის ყველა ეკლესიას, რ-ებიც ადრინდელებთან შედარებით დიდი ზომისაა, აქვს ეგვტერი და კარიბჭე (შენობის თანადროული ან მოგვიანებით მიშენებული). ე. ე-თაგან საქართველოში ყველაზე დიდია აგარის მონასტრის მთავარი ეკლესია. ე. ე-ის ტიპის ნაგებობათა განხილვისას არსებითი მნიშვნელობა აქვს გარე გაფორმებას – დეკორ. სისტემა და ფასადების მორთულობა ყოველთვის პასუხობს იმ ეპოქას, რ-შიც შეიქმნა ძეგლი.

ლიტ.: ბერიძე ვ., ტაო-კლარჯეთის ძეგლების ადგილი ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში, თბ., 1981 (პარალ. ტექსტი რუს. და ფრანგ. ენებზე); Чубинашвили Г. Н., К вопросу о рядовых памятниках грузинской архитектуры VIII–IX вв., წგ.: Вопросы истории искусства, т.1, Тб., 1970.