ერთხმიანობა

ერთხმიანობა, მონოდია (ბერძნ. monodia – ერთი მომღერლის სიმღერა), მუსიკის ისეთი წყობა, რომელშიც მხოლოდ ერთი ხმა – მელოდია არსებობს. ერთხმიანი მუს. ნაწარმოები სრულდება ერთი ხმის – მომღერალ-სოლისტის მიერ, შესაძლოა საკრავის თანხლებით. მსოფლიოს მრავალი ერის მუს.-სააზროვნო სისტემას ე. წარმოადგენს. სამეცნ. ლიტ-რაში ე-ის სინონიმად ტერმინ მონოდიასაც ხმარობენ. ერთხმიანი სიმღერა ორგვარია – ინდივიდუალური (სოლო) და გუნდური (უნისონი). ქართ. ხალხ. მუსიკაში ე. ძირითადად ინდივიდუალურია (გამონაკლისია სიმღერები ,,დალაჲ”, „გელინო”), რამდენიმე მომღერლის მონაწილეობა მაშინვე წარმოქმნის მრავალხმიანობის რომელიმე სახეს. ინდივიდ. ე. ახასიათებს „ნანას”, „ურმულს”, „ოროველას” და დატირების ზოგიერთ ვარიანტს. გუნდური (უნისონური) ერთხმიანობა გვხვდება საქართვ. ისეთ რეგიონებში, სადაც შეიმჩნევა მეზობელი ხალხების კულტ. ზეგავლენა ან მრავალხმიანობის გაქრობის კვალი (მესხეთ-ჯავახეთი, ლაზეთი, ქვემო ქართლი). სოც. თვალსაზრისით აქ საქმე გვაქვს ჯგუფურ მუზიცირებასთან, ხოლო მუს. თვალსაზრისით ეს ერთხმიანობაა, რადგან ერთდროულად არ ჟღერს რამდენიმე განსხვავებული სიმაღლის ბგერა.

ნ. კალანდაძე