ერისთავი (ძვ. ქართ. „ერი” – ხალხი, ჯარი და „თავი” – უფროსი, გამგებელი), სახელმწიფო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის – საერისთავო ქვეყნის გამგებელი ძვ. საქართველოში. ლეონტი მროველის მიხედვით ერისთავობის ინ-ტი შექმნა მეფე ფარნავაზმა (ძვ. წ. III ს.), რ-მაც განაწესა 8 ერისთავი და 1 სპასპეტი: 1) მარგუის ანუ არგვეთის ერისთავი განაგებდა ტერიტორიას ლიხის მთიდან ეგრისის საზღვრამდე; 2) კახეთისა – კახეთსა და კუხეთს (მდინარე არაგვიდან ჰერეთამდე); 3) ხუნანისა – გარდაბანს (მდ. ბერდუჯიდან თბილისამდე); 4) სამშვილდისა – ტაშირსა და აბოცს; 5) წუნდისა – ჯავახეთს, კოლასა და არტაანს; 6) ოძრხისა – სამცხესა და აჭარას (ტაშისკარიდან არსიანის მთამდე, ნოსტის თავიდან ზღვამდე); 7) კლარჯეთისა – არსიანის მთიდან ზღვამდე; 8) ეგრისისა. შიდა ქართლს განაგებდა სპასპეტი, რ-იც ამავე დროს აღნიშნული რვა ე-ის უფროსიც იყო. სავარაუდოა, რომ ფარნავაზის მიერ დანიშნული ე-ები ძვ. მამასახლისები თუ არა, მათი შთამომავლები მაინც იყვნენ. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ სპასპეტიც ე. იყო და აქედან გამომდინარე, ფარნავაზს 9 საერისთავოს დაწესებას მიაწერენ. ე-ებს ექვემდებარებოდნენ სპასალარები, ხოლო სპასალარებს – ათასისთავები. ამრიგად, ლეონტი მროველის წარმოდგენით, ქართლის სამეფოს გამგებლობა სამხ. იერარქიას ემყარებოდა: სპასპეტი – ე. – სპასალარი – ათასისთავი. თავისი სამსახურისათვის ე-ები იღებდნენ გარკვეულ გასამრჯელოს. ზოგიერთი მკვლევარი ლეონტი მროველთან მოხსენიებულ სპასპეტს აიგივებს პიტიახშთან. პიტიახში თავდაპირველად ცენტრ. სამოხელეო აპარატის (სამეფო კარის) მაღალი რანგის მოხელე იყო; IV ს-იდან კი პიტიახშობა სამშვილდის ე-თა საპატიო ტიტულად იქცა. თავდაპირველად ე. ქართლის მეფის მოხელე იყო. თანდათანობით ე-ებმა ეს მოხელეობა სამემკვიდრეოდ გაიხადეს. ამას ხელი შეუწყო უცხო ძალამ. ლეონტი მროველისა და ჯუანშერის ცნობით, ეს მოხდა VI ს-ში, როდესაც ე-ებმა მიიღეს მკვიდრობის სიგელები სპარსთა და ბერძენთა (ბიზანტიის) მეფეებისაგან. ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ (VI ს. 30-იანი წწ.) ქართლის სახელმწ. გამგებელი VI ს. II ნახ-იდან IX ს. დასაწყისამდე არის ქართლის ე. ანუ ერისმთავარი, ახ. აღმ. ქართული ფეოდალური სახელმწიფოს მეთაური. ერისთავობის, როგორც სამოხელეო ადგილობრივი მმართველობის ინ-ტის, აღდგენა მოხდა VIII ს. ბოლოს აფხაზთა სამეფოში. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ლეონ II-მ თავისი სამეფო დაყო რვა საერისთავოდ: აფხაზთა, ცხუმის, ეგრისის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, არგვეთის, სამოქალაქოსი და მათ სათავეში ჩაუყენა ე-ები. ვახუშტი ბატონიშვილის გარდა სხვა წყაროებიც ადასტურებენ აფხაზთა სამეფოში საერისთავოების (არგვეთის, სვანთა, აფხაზთა და სხვ.) არსებობას. აფხაზთა სამეფოს გაძლიერებასთან ერთად მის შემადგენლობაში შევიდა კიდევ 2 საერისთავო: ჯავახეთისა (კუმურდოს 964 წლის წარწერაში იხსენიება აფხაზთა მეფის ლეონის ე. ზვიადი, როგორც ჩანს, მარუშიან/მარუშისძეთა საგვარეულოს წარმომადგენელი) და ქართლის. X ს-ში ქართლის ე-ები ეწოდებოდათ აფხაზთა მეფის მოხელე-გამგებლებს შიდა ქართლში. მათი რეზიდენცია უფლისციხე იყო. ქართლის ე-ებად აფხაზთა მეფე თავდაპირველად ნიშნავდა ადგილ. დიდი ფეოდ. სახლის ტბელების წარმომადგენლებს, ხოლო შემდეგ (როდესაც ტბელები გაძლიერდნენ და მოისურვეს ქართლის განცალკევება) – უფლისწულებს (X ს-ში ქართლის ე-ები იყვნენ აფხაზთა მეფის გიორგის ძენი: თავდაპირველად კონსტანტინე, შემდეგ – ლეონი). X ს. 70-იან წლებში აფხაზთა მეფის ე-ად ქართლში ჩანს დას. საქართველოს დიდი ფეოდალი ივანე მარუშისძე. XI ს-ში, ბაგრატ IV-ის დროს, ქართლის ე. არის ივანე აბაზას ძე (აბაზასძეთა გვარი ტბელების განშტოება იყო). აბაზასძენი დაუპირისპირდნენ ბაგრატ IV-ს და ამ ბრძოლაში დაკარგეს ქართლის ერისთავობა. ბაგრატ IV-მ ქართლის ერისთავობა უბოძა ლიპარიტ IV ბაღვაშს. XII ს-ში ეს წოდება მიიღეს ორბელებმა, ხოლო ორბელთა აჯანყების შემდეგ (1177) გიორგი III-მ ქართლის ერისთავობა გადასცა სურამელთა საგვარეულოს, რ-იც ამ ხელის მფლობელად ჩანს XIV ს. დასაწყისამდე. ქართლის ე-ის სახელო წყაროებში გვხვდება XV ს-მდე. IX–X სს. სამხრ.-დას. საქართველოში არსებობდა ქართ. სამეფო „იბერთა საკურაპალატო” (888 წლიდან – „ქართველთა სამეფო”), რ-საც სათავეში ედგა კურაპალატი – მეფე, აქ ერისთავობასა და ერისთავთერისთავობას ღებულობდნენ გამგებელი დინასტიის – ბაგრატიონების – სახლის წევრები (თუმცა არის ცალკეული შემთხვევები, როცა ერისთავთერისთავობასა და ერისთავობას ფლობდნენ არაბაგრატიონებიც). ქართველთა საკურაპალატოს პოლიტ. იერარქია ასეთი იყო: ქართველთა მეფე – კურაპალატი, ერისთავთერისთავი, მაგისტროსი, ე. აღსანიშნავია, რომ ტაო-კლარჯეთში ერისთავობა და ერისთავთერისთავობა მხოლოდ საპატიო ტიტული იყო და არა რეალური სამოხელეო თანამდებობა. ტაო-კლარჯეთში, აფხაზთა სამეფოსაგან განსხვავებით, არ არსებობდა ისეთი ადმ. ერთეულები, როგორიც იყო საერისთავო და, ცხადია, არც ე-ები ითვლებოდნენ ადგილობრივ მმართველებად. IX ს-ში აღმ. საქართველოში, თრიალეთში, წარმოიქმნა კლდეკარის საფეოდალო (იხ. კლდეკარის საერისთავო), რ-ის დამფუძნებელი იყო არგვეთის დიდი ფეოდალი ლიპარიტ I ბაღვაში. X ს. 80-იანი წლებიდან ბაღვაშები იწოდებიან ე-ებად, ხოლო XI ს-ში – ერისთავთერისთავებად. კლდეკარის ე-ები მეფის ცენტრ. ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდნენ და დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფოდნენ. დავით აღმაშენებელმა ჩამოართვა ბაღვაშებს თრიალეთი და სამეფო დომენად აქცია. ერისთავობის, როგორც სამოხელეო ინ-ტის აღდგენა ერთიანი საქართველოს მასშტაბით მოხდა ბაგრატ III-ის დროს. XI–XV სს-ში, გაერთიანებული საქართვ. სამეფოს არსებობის პერიოდში, ე-ები საქართვ. მეფის მოხელეები იყვნენ, განაგებდნენ სახელმწ.-ადმ. ერთეულებს. საქართვ. სამეფოს მიწები დაყოფილი იყო სამ ნაწილად: სახელმწიფო, სასეფო (ე. ი. სამეფო დომენი) და საფეოდალო (საერო ფეოდალებისა და საეკლ.-სამონასტრო). სახელმწ. მიწებს განაგებდნენ ე-ები, სასეფო მიწებს (სამეფო დომენს) – მოურავები და მგეები. ქართველთა სამეფოს ტერიტორიაც (სამხრ.-დას. საქართველო) ამ პერიოდში სამ ნაწილად დაიყო: ნაწილი სამეფო დომენად დარჩა, ნაწილი სამამულედ გადაეცათ ფეოდალებს, ხოლო ნაწილზე შეიქმნა ახ. საერისთავოები. წყაროების მიხედვით XI ს-ში აქ ჩანან შავშეთის, კალმახის, თუხარისის, ყველის, არტანუჯის ე-ები. საქართვ. ფეოდ. მონარქიის წარმოქმნის შემდეგ მუდმივად მიმდინარეობდა ბრძოლა სამეფო ხელისუფლებასა და იმ ე-ებს შორის, რ-ებიც ცდილობდნენ საერისთავოს მამულად გადაქცევას. დავით აღმაშენებელმა მკვეთრად შეზღუდა ე-თა თვითნებობა (დაამარცხა ცალკეული ერისთავები, მაგ., ბაღვაშები) და ჩამოართვა მათ ერისთავობა. შექმნა ცენტრ. საუწყებო გამგებლობის სისტემა, რ-საც სათავეში ჩაუყენა მეფის თანაშემწე – ვაზირი. ამიერიდან საქართვ. ფეოდ. მონარქიაში ადგილ. გამგებლობის სისტემას დაუპირისპირდა ცენტრ. საუწყებო გამგებლობა, საერისთავოებს – სავაზირო-საუხუცესოები. დავით აღმაშენებლის შემდეგ ე-ების როლი კვლავ გაიზარდა, მაგრამ პარალელურად ვითარდებოდა ცენტრ. გამგებლობის საუწყებო სისტემაც, ამიტომ გრძელდებოდა ბრძოლა მმართველობის ამ ორ სისტემას შორის. XI–XV სს. საქართველოში იყო შემდეგი საერისთავოები: ქართლის, კლდეკარის, ჰერეთის, კახეთის, ქსნის, არაგვის, სვანთა, აფხაზთა, ცხუმის, არგვეთის, რაჭის, ოდიშის, ჯრუჭის, ახალქალაქის, სამცხის, ტაოს. საერისთავოები ყოველთვის უცვლელი სახით არ არსებობდნენ – იქმნებოდა ახ. საერისთავოები და უქმდებოდა ძველი, თუმცა საერისთავოთა ნაწილი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არსებობდა (მაგ.: ქართლის, კახეთის, სვანთა, აფხაზთა, ცხუმის, არგვეთის, რაჭის, ოდიშის). ცალკეული საერისთავოების მმართველი ე-ები ერისთავთერისთავის საპატიო ტიტულს ატარებდნენ. ზოგჯერ ე-ები ამავე დროს რაიმე სხვა თანამდებობასაც ფლობდნენ (მაგ.: მსახურთუხუცესობა, მეჭურჭლეთუხუცესობა და სხვ.). ხშირად ამა თუ იმ მხარის ერისთავობა მემკვიდრეობით გადაეცემოდა ერთი საგვარეულოს შიგნით (მაგ. ქართლის – სურამელები, სვანეთის – ვარდანისძენი, ოდიშის – დადიანები და სხვ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ტბეთის ეპისკოპოსები ამავე დროს შავშეთის ერისთავებიც იყვნენ). ე-ად კურთხევა საზეიმო ვითარებაში ხდებოდა. ამისთვის არსებობდა საგანგებოდ შექმნილი (XIII ს.) ე-ების კურთხევის წესი. ე-ს, გარდა აღმასრულებელი ფუნქციისა, სასამართლო და ფისკალური ფუნქციებიც გააჩნდა (კრეფდა სახელმწ. გამოსაღებებს და საერისთავო გადასახადს – „ხარკი საერისთავო” ან „საერისთავო გამოსავალი”). რაც მთავარია, ის სარდლობდა საერისთავოდან გამომავალ ჯარს. ე-ს ხელქვეითი მოხელეები ჰყავდა. საერისთავოს სტრუქტურა შემდეგი სახის იყო: ერისთავი, გამგებელი (ნაცვალი), ხევისუფალი (ხევისბერი, ხევისთავი), ციხისთავი, ასისთავი. ე-ს ჰყავდა თავისი მწიგნობართუხუცესი, მოლარეთუხუცესი და სხვ., ჰქონდა ხელისუფლების ინსიგნიები (დროშა, ბეჭედი, განსაკუთრებული სამოსელი). როგორც ყველა დიდ ფეოდალს, ე-საც ჰქონდა საგვარეულო მონასტერი, თავისი ციხე – დარბაზი და კერძო მამული (ის შეიძლება ყოფილიყო მისივე საერისთავოს შემადგენლობაში, მაგ.: ქართლის ერისთავების, სურამელების მამული – სურამი – ქართლის საერისთავოში იყო. შესაძლოა ყოფილიყო საერისთავოს გარეთაც, მაგ.: კლდეკარის ერისთავების, ბაღვაშების მამული არგვეთში იყო). საკუთარი მამულის მიმართ ერისთავი იყო პატრონი (სენიორი), საერისთავოს მიმართ კი – მხოლოდ მმართველი. ე-ების ტენდენცია – საერისთავოები თავის მამულად ექციათ – აშკარად გამოიკვეთა XIII ს. შუა წლებიდან. მთელი ორი საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა ბრძოლა მეფის ხელისუფლებასა და ერისთავებს შორის. XV ს-ში ეს ბრძოლა საერისთავოების გაუქმებით დამთავრდა [ნაწილი სამთავროდ გადაიქცა, მაგ., ოდიშის, სვანეთის, აფხაზეთის, სამცხის; ნაწილი – სათავადოდ, მაგ., არაგვის, ქსნის, რაჭის; ნაწილი საერთოდ გაუქმდა და მის ადგილზე ჩამოყალიბდა სათავადოები (ქართლში), ან სამოურავოები (კახეთში)] და ერისთავობის ინ-ტმაც შეწყვიტა არსებობა, თუმცა, ტერმინი „ერისთავი” XV ს. შემდგომაც გვხვდება. ზოგმა ფეოდალმა ისევ შეინარჩუნა ე-ის წოდება, რ-იც უკვე გვარად იყო გადაქცეული (ქსნის, არაგვის ე-ები), მაგრამ ფაქტობრივად ისინი თავადები არიან და არა ე-ები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტ. აშლილობის წლებში (XV–XVIII სს.) ზოგიერთმა მთავარმა თავის სამთავროში ახ. საერისთავოები შექმნა. ე-ები მთავრის მოხელე-გამგებლები იყვნენ (მაგ.: გურიის სამთავროში).
წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1–2, თბ., 1955–59; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1965.
ლიტ.: ბახტაძე მ., ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში, თბ., 2003; ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 6).
მ. ბახტაძე
ნ. შოშიაშვილი