ერისთავი გიორგი იესეს ძე

ერისთავი გიორგი იესეს ძე (1769 – 3. XI. 1863, გორი), რუსეთის იმპერიის არმიის ინფანტერიის გენერალი (1846). ი. ერისთავის შვილიშვილი. დედამისი მარიამი იყო მეფე იესეს ასული, ანტონ I-ის და. ე-ს ცოლად ჰყავდა ქართლ-კახეთის მეფის, გიორგი XII-ის ასული გაიანე. ე-მა, როგორც წარჩინებული საგვარეულოს შვილმა, საფუძვლიანი განათლება მიიღო. მონაწილეობდა კრწანისის ბრძოლაში (1795), მხარს უჭერდა საქართველოს რუსეთის მფარველობაში შესვლას. ე. იყო გიორგი XII-ის მიერ რუსეთში გაგზავნილი იმ დეპუტაციის წევრი, რ-საც იმპ. პავლე I-ისათვის უნდა ეთხოვა საქართველოს რუსეთის მფარველობაში საბოლოოდ მიღება. ქართლ-კახეთის ანექსიის შემდეგ ე. შევიდა რუს. სამსახურში, მიიღო „ნადვორნი სოვეტნიკის” ჩინი და სიკვდილამდე ერთგულად ემსახურა იმპერიას. 1802 პოდპოლკოვნიკის ჩინით ჩაირიცხა ყაბარდოს მუშკეტერთა პოლკში. 1803 მონაწილეობდა ჭარ-ბელაქნელი ლეკების წინააღმდეგ მოწყობილ საბრძოლო ოპერაციებში, რ-საც რუსი გენ. ვ. გულიაკოვი სარდლობდა. მეთაურობდა მილიციის 5 ათასიან რაზმს. 1808-იდან მონაწილეობდა რუსეთ-ირანის ომში (1804–13), იყო პოლკის მეთაური. თავდადებული სამსახურისათვის 1812 მიიღო გენ.-მაიორის ჩინი, 1814 ე. დაინიშნა საქართველოში განლაგებული რუს. მე-19 დივიზიის I ბრიგადის მეთაურად. 1826 მიიღო გენ.-ლ. ჩინი. დაინიშნა 21-ე დივიზიის მეთაურად. ე-მა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი რუსეთ-ირანის (1826–28) ომში. რუს. ჯარის სარდალმა გენ. ი. პასკევიჩმა ერევნის ლაშქრობისას ე-ს მცირე რაზმით ნახიჩევანის დაცვა დაავალა. მდ. არაქსზე გამართულ ბრძოლაში ე-მა მტრის მრავალრიცხოვანი ჯარი უკუაგდო, ჯულფასთან საზღვარი გადაჭრა და პასკევიჩის ნებართვის გარეშე თავრიზისკენ დაიძრა. ქალაქის დამცველმა მრავალრიცხოვანმა ჯარმა ციხე დატოვა. 13 ოქტომბერს იგი ქალაქში შევიდა. რუს. არმიის ხელში აღმოჩნდა ირანის ჯარის მთელი სურსათის მარაგი და სამხ. აღჭურვილობა. პასკევიჩმა თავდაპირველად ე. დაუმორჩილებლობის გამო „დატუქსა”, მაგრამ შემდეგ მისივე წინადადებით წმ. ანდრია პირველწოდებულის ორდენით დააჯილდოვეს, თუმცა ბრძოლის ასპარეზიდან მაინც დაითხოვეს. 1830 მიანიჭეს სენატორის წოდება, 1846 უმაღლესი სამხ. ჩინი – ინფანტერიის გენერლობა და თბილისში არსებული თავადაზნაურობის წოდების მიმნიჭებელი კომისიის თავ-რედ დანიშნეს. სიცოცხლის ბოლო წლები თავის მამულში, გორში, გაატარა. მას განსაკუთრებული პოპულარობა, პატივისცემა და ნდობა ჰქონდა მოპოვებული საზ-ბაში. მის აზრებს ანგარიშს უწევდნენ რუს. სამეფო კარზეც და ადგილ. ხელისუფალნიც. მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა კავკ. მეფისნაცვალ მ. ვორონცოვთან, მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი მასთან თათბირის შემდეგ წყდებოდა. 1861 წ. 19 თებერვლის მანიფესტის გამოცხადების შემდეგ თავადაზნაურობის დაბნეულ წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ მიეცათ გლეხებისთვის თავისუფლება, სანამ ისინი იარაღით მოიპოვებდნენ მას. ე-ის შესახებ რუსი ისტორიკოსი კ. ბოროზდინი წერდა: „ღმერთმა ნუ ჰქნას, რომ რუსეთში ისეთი პატრიოტები მოისპოს, როგორიც თავადი ერისთავი იყო”. დაკრძალულია საგვარეულო სასაფლაოზე, იკორთის ეკლესიაში. ე-ს, გარდა ზემოდასახელებულისა, მიღებული ჰქონდა წმ. ალექსანდრე ნეველის, წმ. ანას I, II და III (ალმასებით, ბრილიანტებით), წმ. ვლადიმირის I, II და III, წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენები.

ლიტ.: ბერძნიშვილი მაქს., მასალები XIX ს. პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, [ტ.] 1, თბ., 1980; მეგრელიძე შ., ჩვენი სახელოვანი სამხედრო წინაპრები, თბ., 1979.

გ. ნარსია