ერისთავი გიორგი (გიგუშა) ნიკოლოზის ძე

გ. ერისთავი

ერისთავი გიორგი (გიგუშა) ნიკოლოზის ძე (3. X. 1875, თბილისი, – 10. V. 1947, პარიზი), საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალი (1918) ქსნის ერისთავთა საგვარეულოდან. გენერლების ნ. ბ. ერისთავის ძე და ა. ნ. ერისთავის ძმა, მერი შერვაშიძის მეუღლე. დაამთავრა თბილ. კადეტთა კორპუსი, შემდეგ – პაჟთა კორპუსი. მსახურობდა ლაიბგვარდიის ულანთა პოლკში. 1914-იდან პოლკოვნიკის ჩინით მეთაურობდა ამ პოლკს. მინიჭებული ჰქონდა ფლიგელ-ადიუტანტის წოდება. 1917-იდან თადარიგში გავიდა, ცხოვრობდა თბილისში. 1918–21 გენერლის ჩინით მეთაურობდა ქართ. არმიის ცხენოსანთა კორპუსს. ქართ. არმიასთან ერთად დაიხია ბათუმამდე, შემდეგ ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში. დაჯილდოებულია წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორის ჯვრით, იტალიის წმ. მავრიკის და ლაზარეს ორდენის კომანდორის ჯვრით. დაკრძალულია პარიზთან ახლოს, სენტ-ჟენევიევ დე ბუას სასაფლაოზე.

ლიტ.: Гогитидзе М., Грузинский генералитет (1699–1921), К., 2001; მისივე, Военная элита Кавказа, I, Тб., 2007.

მ. გოგიტიძე