ერისთავი გიორგი რევაზის (რომანის) ძე

ერისთავი გიორგი რევაზის (რომანის) ძე (12. II. 1812, სოფ. ოძისი, ახლანდ. დუშეთის მუნიციპალიტეტი, – 5. XI. 1891, თბილისი), რუსეთის იმპერიის არმიის კავალერიის გენერალი (1881). გიორგი ქსნის ერისთავის შვილიშვილი. დედამისი ანასტასია ერეკლე II-ის ასული იყო. ე-ს იხსენიებდნენ „ატამანის” სახელითაც. 1822 თბილ. კეთილშობილთა სასწავლებელში მიაბარეს. 1825 სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში წავიდა, სადაც გვარდიის პრაპორშჩიკთა და იუნკერთა სასწავლებელი დაამთავრა. 1829-იდან არმიაში მსახურობდა. მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში. მიიღო კორნეტის ჩინი. 1832 სამშობლოში დაბრუნდა და შეთქმულებას მიემხრო (იხ. შეთქმულება 1832 წლისა). შეთქმულების გაცემის შემდეგ იგი დააპატიმრეს. საგამომძიებლო კომისიამ ე. არ ჩათვალა შეთქმულების აქტ. წევრად და ადმ. წესით არხანგელსკის გარნიზონში გაამწესა. 1835 ახტირსკის ჰუსართა პოლკში გადაიყვანეს. 1840 კაპიტნის ჩინით სამშობლოში დააბრუნეს და ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში გაამწესეს. 1849–52 კავკ. ხაზის კაზაკთა ჯარის ატამანი იყო. 1850 მიენიჭა გენ.-მ. წოდება. 1858–61 იყო ქუთაისის გენ.-გუბერნატორი და გუბერნიის ჯარების სარდალი. 1858 მიიღო გენ.-ლ. წოდება. 1861-იდან მსახურობდა კავკ. მეფისნაცვალთან. მან ხელი მოჰკიდა საკუთარი საგვარეული მამულის მოვლა-პატრონობას. თავის ერთადერთ შვილს, ზაქარიას, უანდერძა საგვარეულო მამული სოფ. ოძისში (დუშეთის მაზრა) სამეურნეო სასწავლებლის ან სამაგალითო ფერმის დასაარსებლად. ე-ის თაოსნობით ღარიბ მოსწავლეთათვის დაარსდა სათავადაზნაურო სასწავლებელი, რ-იც მომავალში სათავადაზნაურო სკოლის დამატება უნდა გამხდარიყო. ე-მ დიდი ამაგი დასდო მშობლიური ისტ. შესწავლას. ცნობილ ისტორიკოსს დ. ბაქრაძეს, რ-თანაც ახლო მეგობრობა აკავშირებდა, დიდი ფულადი დახმარება გაუწია ვახუშტი ბატონიშვილის შრომათა დასაბეჭდად და გამოსაცემად. ე-ის თაოსნობით ქსნის ხეობის სოფ. მონასტერში აღადგინეს ღვთისმშობლის ეკლესია, სოფ. ახალგორში დაარსდა სახ. სასწავლებელი. ე-ის ქუთაისში მოღვაწეობის დროს მისი ინიციატივით ხშირად იმართებოდა ლიტ. შეხვედრები. მშობლიური კუთხის მოსახლეობა მას ხეობის მამას, უფროს ძმას, ღვთიურ კაცს უწოდებდა. მადლიერმა თანამემამულეებმა მისი ნეშტი თბილისიდან საგვარეულო მამულში, სოფ. ოძისში გადაასვენეს და იქვე დაკრძალეს. დაჯილდოებული იყო წმ. ანდრია პირველწოდებულის, წმ. ალექსანდრე ნეველის, თეთრი არწივის, წმ. ვლადიმირის, წმ. ანას, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.

წყარო: ბერძნიშვილი მაქს., მასალები XIX ს. პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, [ტ.] 1, თბ., 1980; გოზალიშვილი გ., 1832 წლის შეთქმულება, ტ. 1–3, თბ., 1935–76; ჟურნ. „კვალი”, 1891, N238.

გ. ნარსია