ერისთავი დავით გიორგის ძე

ერისთავი დავით გიორგის ძე [28. VIII (9. IX). 1847, სოფ. ხიდისთავი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 11(23). X. 1890, თბილისი], მწერალი. 1867–71 სწავლობდა თავდაპირველად ნოვოროსიის (ოდესა) უნ-ტში, შემდეგ – პეტერბურგის სამედ. აკადემიაში, რ-იც ვერ დაასრულა. 1871-იდან თანამშრომლობდა „დროებასთან”, „ტიფლისსკი ვესტნიკსა” და „ფალანგასთან”. 1882-იდან გაზ. „კავკაზს” რედაქტორობდა. სალიტ. მოღვაწეობა ლექსებითა და ფელეტონებით დაიწყო. იყო „ვეფხისტყაოსნის” ტექსტის დამდგენი კომისიის წევრი (1882), ქართ. დრამ. საზ-ბის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი. თარგმნა და გადმოაკეთა მრავალი დრამ. ნაწარმოები. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მისმა ისტ. პიესამ „სამშობლო” (1881), რ-საც საფუძვლად დაედო ფრანგი დრამატურგის, ვ. სარდუს, ამავე სახელწოდების დრამა. სარდუს სიუჟეტი ე-მა ბრწყინვალედ მიუსადაგა ქართ. სინამდვილეს, პიესას ეროვნ. კოლორიტი შესძინა და წინაპართაგან სამშობლოსათვის თავდადება სამაგალითოდ დაუსახა იმდროინდელ ქართველობას. „სამშობლოს” წარმოდგენამ (1882 წ. 20 იანვ.) ეროვნ. მანიფესტაციის ხასიათი მიიღო. ე-ს ეკუთვნის აგრეთვე გადმოკეთებული პიესები „მეორედ გაყმაწვილება”, „სადაო მფლობელობა”, “დროებითი სიყვარული”, „დავიდარაბა ანუ არღანი და ლეკვი”, „საძაგელი” და სხვ. მისი სახლ-მუზეუმის შესახებ იხ. სტ. ერისთავების სახლ-მუზეუმი.

თხზ.: დრამატული ნაწერები, ი. მეუნარგიას წინასიტყვ., ტფ., 1910.

ლიტ.: ტატიშვილი ნ., ლიტერატურული ნარკვევები, თბ., 1965; ჭიჭინაძე ზ., დავით ერისთავი, ტფ., 1892.