ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, გაშენებულია ქ. ზუგდიდში, დადიანების სამთავრო რეზიდენციასთან. ბაღს ეკავა 26 ჰა ფართობი. დეკორ. ბაღის მშენებლობას ზუგდიდის სამთავრო რეზიდენციასთან საფუძველი ჩაეყარა 1840 სამეგრელოს მთავრის მემკვიდრის დავით დადიანისა და მისი მეუღლის ეკატერინე დადიანის მიერ. ამ მიზნით პარიზიდან (ვერსალის ბაღიდან) გამოიწერეს სხვადასხვა ჯიშის მცენარეთა თესლი და ნერგები. მშენებლობის ხელმძღვანელად ქ. ტრიესტიდან მოიწვიეს მებაღე – დეკორატორი ჟ. ბაბინი. ბაღის მშენებლობაზე ზრუნვა მთლიანად დედოფალმა იტვირთა. მოეწყო სანერგე და ორანჟერეა, რის შემდეგაც ჟ. ბაბინის პროექტის მიხედვით საბაღე ფართობი ფრანგულ სიმეტრიულ სტილზე დაგეგმარდა. პირველ რიგში გაკეთდა ვრცელი ხელოვნური ტბა თავისი კუნძულითა და ნახევარკუნძულით. ტბის მუდმივი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად მდ. ჩხოუშიდან გამოიყვანეს არხი. საბაღე ფართობი მალე ადგილ. და უცხ. ჯიშის მცენარეებით, ყვავილნარებით, გაზონებით დაიფარა. ზ. ბ. ბ-ს დიდი ზიანი მიადგა ყირიმის ომის 1853–56 დროს, რ-ის ასპარეზად აფხაზეთ-სამეგრელოც იქცა. ოსმ. საოკუპაციო ჯარებმა 1855 ოქტომბერში ზუგდიდიც დაიკავეს.
უკანდახევისას ზუგდიდში დაბანაკებული ოსმ. გარნიზონის მეთაურის ისკანდერ-ფაშას ბრძანებით გადაწვეს და გაანადგურეს მთავრის რეზიდენცია, პირწმინდად აჩეხეს ბოტან. ბაღის ნახევარი, დანარჩენი სრულიად გააპარტახეს, გააჩანაგეს ორანჟერეა (1856 იანვარი). ომის დამთავრების შემდეგ სამეგრელოს სამთავროს მმართველი ეკატერინე დადიანი ენერგიულად შეუდგა ბაღის აღდგენას, თუმცა მალევე რუს. იმპერატორის ბრძანებით სამთავრო დაატოვებინეს და პეტერბურგში ხანგრძლივი დროით გაიწვიეს, საიდანაც სამთავროს გაუქმების შემდეგ (1869) დაბრუნდა, როგორც კერძო პირი. მას და მის შვილებს, იმპერატორის ბრძანებით, მემკვიდრეობით გადაეცათ ყოფილი სამთავრო რეზიდენცია და ბოტან. ბაღი ზუგდიდში. ეკატერინემ განაახლა ბაღის აღდგენითი სამუშაოები. მისი გარდაცვალების (1882) შემდეგ ბაღის მოვლა-პატრონობაზე ზრუნავდა ნიკო დადიანი, რ-მაც 1896 იტალიიდან, ქ. ვარესედან (მდებარეობს მილანის ახლოს) მებაღე-დეკორატორები ძმები გაეტანო და ჯოვანი ზამბერლეტები მოიწვია. მათ ბაღის თავდაპირველი დაგეგმარება ძირითადად ხელუხლებელი დატოვეს, შეავსეს მხოლოდ დანაკლისი, გააფართოვეს ბაღის ტერიტორია და გააგრძელეს ბზისა და სხვა ხეების ხეივნები, შემოიტანეს მრავალი დეკორ. ჯიშის ეგზოტიკური მცენარე, აღადგინეს ხელოვნური ტბა, მოაწესრიგეს ოსმალთა მიერ აჩეხილი რცხილების ხეივნების ამონაყარი. ამით დადიანების ბაღს დაუბრუნდა პირვანდელი იერსახე და დანიშნულება. ნიკო დადიანის გარდაცვალების (1903) შემდეგ 1917-მდე ბაღს დადიანების სხვა ქონებასთან ერთად იცავდა და განაგებდა მათი რწმუნებული, ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობის ხანაში (1918–21) – ზუგდიდის ერობა. 1922 ზ. ბ. ბ-ს განაგებდა განათლების სახ. კომისარიატი, 1924-იდან 1926-მდე ბაღი გადავიდა სას.-სამ. ტექნიკუმის გამგებლობაში, 1926-იდან საქართვ. სსრ მიწსახკომის განკარგულებით იგი დაექვემდებარა თბილისის ბოტ. ბაღს. ბაღი ერთხანს ზუგდიდის ქალაქის საბჭოს კულტ. და დასვენების პარკადაც იქცა. საქართვ. სსრ მინისტრთა საბჭოს 1970 წლის დადგენილებით, ზ. ბ. ბ. გადაეცა საქართვ. მეცნ. აკად. ცენტრალურ ბოტანიკურ ბაღს და ეწოდა: საქართვ. სსრ მეცნ. აკად. ცენტრალური ბოტანიკური ბაღის ზუგდიდის ფილიალი. მოკლე ხნის განმავლობაში ბაღში შესრულდა შრომატევადი სამუშაო, ბაღის სანერგეში შეიტანეს 350 ახალი სახეობისა და სახესხვაობის ნერგი. 1998 ზ. ბ. ბ. და ზუგდიდის ისტ. მუზეუმი გაერთიანდა საქართვ. მეცნ. აკად. რეგიონულ სამეცნ. ცენტრში, რ-ის ლიკვიდაციის (2007) შემდეგ ზ. ბ. ბ. გადავიდა საქართვ. ეკონ. და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში, ხოლო მასზე ზრუნვა იკისრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
ზ. ბ. ბ-ში ოთხმოცამდე გვარის მრავალი სახეობის ხე, ბუჩქი და მცენარე იზრდება. ბაღი გაშენების დღიდან ძვირფას მცენარეთა ინტროდუქციის კერად იქცა სამეგრელოში, საიდანაც ასობით უცხო მცენარე ფართოდ გავრცელდა მოსახლეობაში, გაშენდა მრავალი ბაღი, სკვერი და პარკი სოფლებში, დაბებსა და ქალაქებში. ბოტან. ბაღის ნიადაგი საშუალო ეწერი, თიხიანია. ქვენიადაგი ხასიათდება უძველესი მდინარის ნაფენებით. ფიზ. თვისებების მიხედვით ნიადაგის ზედა ფენები (20 სმ სიღრმე) სუსტი გოროხოვანია, მის ქვემოთ კი – უსტრუქტურო. აერაცია ზედა ფენებში კარგია, ქვედა ფენებში – სუსტი. ქვედა თიხიან ფენებში შეიმჩნევა დაჭაობების ნიშნები. ნიადაგი სიღრმეში თითქმის ყოველთვის ტენიანია. ინტროდუცენტები გეოგრ. წარმოშობის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: აღმოსავლეთ აზია (ჩინეთი, იაპონია, კორეა, ინდოეთი), ჰიმალაი, მცირე აზია (ირანი და ავღანეთი), ლენქორანი, შორეული აღმოსავლეთი, ხმელთაშუა ზღვა, ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა, მექსიკა, კანარისა და მადეირის კუნძულები, ავსტრალია და ახალი ზელანდია.
ლიტ.: ბალანჩივაძე შ., ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ეგზოტიკური მერქნიანი მცენარეები, თბ., 1975; ბოროზდინი კ., სამეგრელო და სვანეთი 1854-1861 წწ., თბ., 2004; გიორგბერიძე ჯ., საქართველოს ძველი ბაღები და პარკები, თბ., 1985; გოგია ი., ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, «ზუგდიდის მუზეუმის შრომები», ტ. 1, თბ., 1947; მეუნარგია ი., დავით დადიანი და მისი დრო, თბ., 2002.
გ. არახამია