ერისთავი იესე დავითის ძე

ერისთავი იესე დავითის ძე (გ. 1745), პოეტი. ქსნის ერისთავთა შთამომავალი. კახეთის 1660 წლის აჯანყების ერთ-ერთი მეთაურის შ. ერისთავის შვილიშვილი. ძვ. ქართ. ჰიმნოგრაფიული ტრადიციის მიხედვით შექმნა ორიგინ. საგალობელი „წმიდათა და დიდებულთა ორთა ძმათა მოწამეთა ქართველთა ელისბარ ქსნის ერისთავისა და ძმისა მისისა შალვასი და წმიდისა დიდებულისა მოწამისა ბიძინა კახისა” (საგალობელს აქვს აკროსტიქი – „ქრისტეს მოწამეო შალვა, შეიწყალე ძის ძე შენი იესე”). საგალობელი კახეთის 1660 წლის აჯანყების გმირთა – შალვა და ელიზბარ ერისთავებისა და ბიძინა ჩოლოყაშვილის – ხოტბაა; თავდაპირველად მასში არ იყო ასახული აჯანყების ამბები. მოგვიანებით თხზულების ეს ხარვეზი ნაწილობრივ შეავსო ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილმა (იხ. ბესარიონი), რ-მაც თავის ჰაგიოგრაფიულ კრებულში ე-ის საგალობელი შევსებული და რედაქტირებული წარმოადგინა. ე-ს უნდა ეკუთვნოდეს კახეთის აჯანყების გმირებისადმი მიძღვნილი სვინაქსარული საკითხავიც.

ლიტ.: გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955; მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 1, ნაკვ. 1, თბ., 1962; ქავთარია მ., ძველი ქართული პოეზიის ისტორიიდან. XVII–XVIII სს., თბ., 1977.

მ. ქავთარია