ერისთავი ნიკოლოზ დიმიტრის ძე

ერისთავი ნიკოლოზ დიმიტრის ძე (1820–26. III. 1856, სევასტოპოლი), რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი ქსნის ერისთავთა საგვარეულოდან, პირველი საბრძოლო ნათლობა მიიღო 1840 კავკასიის ომში, სადაც დაიჭრა და მხოლოდ 1844 დაუბრუნდა მწყობრს. შემდგომ იგი „ქართულ დრუჟინაში” ჩარიცხეს და დაღესტანში გაგზავნეს. ახალგაზრდა ოფიცრის მამაცობით მოხიბლულმა მეფისნაცვალმა მ. ვორონცოვმა ე. ქართვ. გრენადერთა პოლკში ჩარიცხა და თავის ადიუტანტადაც დანიშნა. ე-ს ახ. დიდება მოუტანა ყირიმის ომმა (1853–56), რ-ის დროსაც იგი 2 ბატალიონით და გურიის მილიციის 10 ასეულით სოფ. ნიგოითთან იდგა და ოზურგეთიდან მომავალ გზას იცავდა. თურქთა სარდალი სელიმ-ფაშა 1854 წ. 27 მაისს იოლი გამარჯვების იმედით ნიგოითისაკენ დაიძრა, მაგრამ ე-მა მოულოდნელი იერიშით მრავალრიცხოვანი მტრის რიგებში არეულობა შეიტანა და სასტიკად დაამარცხა (იხ. ნიგოითის ბრძოლა 1854). ამ გამარჯვებამ გურიის რაზმის სარდალს გენ. ი. მ. ანდრონიკაშვილს შესაძლებლობა მისცა, სწრაფი იერიშით დაეკავებინა ქ. ოზურგეთი. ე-მა კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი ჩოლოქის ბრძოლაში, სადაც მისი რაზმი ცენტრში მოქმედებდა. ე. მოხსენებითი ბარათით იმპერატორთან გაგზავნეს, მეფემ მას პოლკოვნიკობა უბოძა. მალე ე. ყირიმის ფრონტზე გადავიდა და იქვე დაიღუპა. დაჯილდოებულია წმ. ანას, წმ. ვლადიმირის, წმ. გიორგის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.

ლიტ.: მეგრელიძე შ., ჩვენი სახელოვანი სამხედრო წინაპრები, თბ., 1979.

გ. ნარსია