ერისთავი რაფიელ დავითის ძე

რ. ერისთავი

ერისთავი რაფიელ დავითის ძე [9(21). IV. 1824, სოფ. ქვემო ჭალა, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, – 19. II(4.III). 1901, თელავი], მწერალი, ეთნოგრაფი, ლექსიკოგრაფი, საზ. მოღვაწე. იყო კახეთში ჩასახლებულ არაგვის ერისთავთა შთამომავალი. ბავშვობა მამულში, სოფ. ქისტაურში, გაატარა. ქართ. წერა-კითხვა დედამ, ნინო ამილახვარმა, შეასწავლა, რუს. ენა – მოწვეულმა მასწავლებელმა. სწავლობდა თელავის სამაზრო სასწავლებელში, შემდეგ – შუამთის მონასტერში ფ. კიკნაძის ხელმძღვანელობით. თბილ. გიმნაზიის დასრულების (1844) შემდეგ მუშაობდა თუშ-ფშავ-ხევსურეთის სამმართველოში თარჯიმნად, თბილისში – მეფისნაცვლის კანცელარიაში, ქუთაისში – განსაკუთრებულ მინდობილობათა უფროს მოხელედ. 1857–67 ზუგდიდის მაზრის უფროსი იყო, 1867–70 – ქუთაისის გუბ. სამმართველოს განყ-ბის უფროსი, 1889–96 – კავკ. საცენზურო კომიტეტის ცენზორი. 1846-იდან რუს. პრესაში („კავკაზ”, „ნოვოე ობოზრენიე”) იბეჭდებოდა ე-ის მიმოხილვები, ისტ.-ეთნოგრ. ხასიათის წერილები და ნარკვევები, რ-თა მიზანი იყო ქართ. კულტურის პოპულარიზაცია. 1847-იდან მრავალ სასარგებლო ცნობას აწვდიდა ქართ. კულტურითა და ისტორიით დაინტერესებულ მ. ბროსეს. ე-ს წვლილი მიუძღვის ქართ. მუზეუმისა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის დაარსებაში. იგი იყო ქართ. პროფ. თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ქართ. დრამ. საზ-ბის თავ-რე (1884–86), აგრეთვე “ვეფხისტყაოსნის” ტექსტის დამდგენი კომისიის (1882) შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და მონაწილე. ე-ის შემოქმედება მრავალფეროვანია. მისი პირველი ლექსები („დარიგება”, „ყვავილს”), რ-ებშიც უკვე იგრძნობოდა სიახლოვე ხალხ. კილოსთან, 1852 გამოქვეყნდა „ცისკარში”, პირველი მოთხრობა “Оборванец” („ბეჩავი”) – 1855 რუს. ალმანახ „ზურნაში”, პირველი მოთხრობა ქართ. ენაზე „ნინო” – 1857 „ცისკარში”. ამ მოთხრობაში, ისევე როგორც ლექსებში [„მთხოვნელი მსაჯულისადმი”, „ყადის ჯორი” (1857), „მთხოვარა გლახაკი” (1859) და სხვ.], ე-მა, ი. ჭავჭავაძის შეფასებით, პირველმა დაძრა ენა ბატონყმობის წინააღმდეგ. „მამებისა” და „შვილების” ბრძოლას ე. გამოეხმაურა მოთხრობით „ლიტერატურნი ვეჩერ” („ცისკარი”, 1862). 70–80-იან წლებში ე-ის პოეზიაში ახ. ძალით გამოვლინდა ჰუმანიზმი და დემოკრატიზმი. გლეხკაცობის ყოფას ააშკარავებდა პოეტის ლექსები: „სესიას ფიქრები”, „თანდილას დარდი” (1882), „ბერუას ჩივილი”, „ბერუას ჩაფიქრება” (1883) და სხვ. ე. ქართ. ისტ. პოემის ტრადიციების გამგრძელებელია („ასპინძის ომი”, 1880 და „თამარიანი”, 1887). სამშობლოს სიყვარულით შთაგონებულმა ლექსებმა [„დედაენა”, „ნეტა რას სტირი, დედილო?”, „რას ერჩი მაგ ბიჭს, თათარო?” (1881) და სხვ.] იმთავითვე დიდი პოპულარობა მოიპოვა და მალე სიმღერადაც იქცა (მუსიკა ნ. სულხანიშვილისა). პატრ. ლირიკის ბრწყინვალე ნიმუში „სამშობლო ხევსურისა” (1881). ე. ქართ. საბავშვო ლიტ-რის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მისი ლექსები სისტემატურად იბეჭდებოდა იმდროინდელ საყმაწვილო წიგნებსა და ჟურნალებში („ბუნების კარი”, „დედა ენა”, „ნობათი”, „ჯეჯილი” და სხვ.). ე-ის ორიგინ. და გადმოკეთებულმა პიესებმა გაამდიდრა ქართ. თეატრის რეპერტუარი. მას მიიჩნევენ ვოდევილის ჟანრის დამამკვიდრებლად ქართ. დრამატურგიაში. მისი პირველი ვოდევილია „მბრუნავი სტოლები” (1868). მას მოჰყვა პიესები: „დედაკაცმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარის უმძლავრესია”, „ადვოკატები”, „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს”, სცენები – “სურათები ჩვენი ხალხის ცხოვრებიდან” და სხვ. ე-მა დიდი ამაგი დასდო ქართ. ფოლკლორისტიკასა და ეთნოგრაფიას. ი. ჭავჭავაძესთან ერთად 1873 გამოსცა კრებ. „გლეხური სიმღერები, ლექსები და ანდაზები”, ამავე წელს ჟურნ. „კრებულში” (N7) გამოაქვეყნა „ქართული სახალხო პოეზია” წინასიტყვაობითა და ნიმუშებით; შეკრიბა, შეადგინა და 1877 გამოსცა ქართ. გამოცანების კრებული. ე. იკვლევდა ხევსურების, ფშავლების, თუშების, კახელების, იმერლების, მეგრელებისა და სვანების სამეურნეო ტრადიციებს, შრომა-საქმიანობას, საცხოვრ. და სამეურნ. ნაგებობებს, დასახლების ფორმას და განსახლებას, გვარისა და თემის სტრუქტურას. საოჯახო ყოფას, საქორწინო წეს-ჩვეულებებს და სხვ. დიდი წვლილი მიუძღვის რუს. გეოგრ. საზ-ბის კავკასიური განყ-ბის ეთნოგრ. მუშაობაში და ამ საზ-ბის მიერ დაარსებული კავკასიური მუზეუმის (შემდეგ საქართვ. სახელმწ. მუზეუმი) ისტ.-ეთნოგრ. ფონდების შეჯერება-მოწესრიგებაში. ე-მა დაამუშავა მათ., ფიზ., ქიმ. და სხვ. სამეცნ. ტერმინოლოგია. 1873 გამოსცა „შემოკლებული ლათინურ-რუსულ-ქართული მცენარეთა ლექსიკონი”, 1884 – მოკლე ქართულ-რუსულ-ლათინური ლექსიკონი „მცენარეთა, ცხოველთა და ლითონთა სამეფოებებიდგან”. 1884 ე-ის რედაქტორობით პირველად დაისტამბა ს.-ს. ორბელიანის „ქართული ლექსიკონი”. ე-ის ლიტ. და საზ. მოღვაწეობის 50 წლის იუბილე, რ-იც 1895 ი. ჭავჭავაძისა და ა. წერეთლის ინიციატივით გაიმართა, დიდ სახ. ზეიმად იქცა. ე-ის თხზულებანი მრავალგზის გამოიცა ცალკე წიგნად (თხზულებანი, ნაწ. 1–2, 1882–90; ტ. 1, 1893; რჩეული ლექსები, 1927; რჩეული, 1958 და სხვ.).