ერისთავი რომანოზ გიორგის ძე, XVIII ს. I ნახევრის საეკლესიო მოღვაწე, მიტროპოლიტი, მწერალი. არაგვის ერისთავთა შთამომავალი. მოღვაწეობდა დავითგარეჯაში, სადაც ბერად აღიკვეცა. XVIII ს. 20-იან წლებში ცხოვრობდა მოსკოვში, დონის მონასტერში. დაკრძალულია დავითგარეჯაში. ე-ს ეკუთვნის საგალობელი დოდო გარეჯელზე, ამავე წმინდანისადმი მიძღვნილი ჰაგიოგრაფიული თხზულება – სვინაქსარული ცხოვრება; კომპილაციური ხასიათის წიგნი „წინწილი ღაღადებისა”, რ-შიც თავმოყრილია გამოკრებილი ადგილები სახარება-სამოციქულოდან და დავითნიდან და სხვ.
წყარო: ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 4, თბ., 1968.
ლიტ.: გაბიძაშვილი ე., რომანოზ ერისთავი და მისი უცნობი თხზულება, კრ.: მრავალთავი, [ტ.] 2, თბ., 1973; კეკელიძე კ., ძველი ქართული მწერლობის ისტორია, ტ. 1, თბ., 1951; ქავთარია მ., დავით გარეჯის ლიტერატურული სკოლა, თბ., 1965; მისივე, ძველი ქართული პოეზიის ისტორიიდან, XVII–XVIII სს., თბ., 1977.
მ. ქავთარია