ერმანი, ჯავის მუნიციპალიტეტის სოფლების შუა ერმანისა და ქვემო ერმანის გავრცელებული სახელწოდება. ე. მდებარეობს მდ. დიდი ლიახვის სათავეში, ისტ. მაღრან-დვალეთში. ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანე „ძეგლი ერისთავთა” (XIV ს.) სოფელს უწოდებს „ერემანის”, ხოლო ი. გიულდენშტედტი (XVIII ს.) – „ერემას”. შუა საუკუნეებში ე. მაღრან-დვალეთთან ერთად შედიოდა ქსნის საერისთავოს შემადგენლობაში. შემორჩენილია გვიანდ. შუა საუკ. ოთხკუთხა გეგმით ნაგები კოშკები. ე. მდიდარია მინერ. წყლებით.
ჯ. გვასალია