ერმოლოვი ალექსი პეტრეს ძე [24. V (4. VI). 1777, მოსკოვი, – 11(23). IV. 1861, იქვე], კავკასიის მთავარმართებელი 1816–27. რუსი სამხ. და სახელმწ. მოღვაწე, ინფანტერიისა (1818) და არტილერიის (1837) გენერალი. 1791-იდან მსახურობდა არმიაში. მონაწილეობდა პოლონეთთან ომში (1794), სპარს. ლაშქრობაში (1796), საფრანგეთთან (1805–07) ომში, რუს. სამამულო ომში (1812). საზღვარგარეთის ლაშქრობების დროს (1813–14) იყო მოკავშირეთა არმიების არტილერიის უფროსი, 1816-იდან – იყო „საქართველოს ცალკეული კორპუსის” (1820-იდან „კავკასიის ცალკეული კორპუსი”) მეთაური, მთავარსარდალი და ამავე დროს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირანში. მთავარსარდლის სამხ.-ადმ. ფარგლებში შედიოდა მთელი ამიერ და იმიერკავკასია. კავკ. ცენტრს კი წარმოადგენდა თბილისი. როგორც სამხ. და სამოქალაქო ხელისუფალი, კავკასიაში ატარებდა მკაცრ კოლონ. პოლიტიკას. ხელმძღვანელობდა ჩრდ. კავკასიის დაპყრობას. მისი აზრით, ხალხის დასამორჩილებელი ერთადერთი გზა ძალმომრეობა და შიშის დანერგვა იყო. კავკ. მთიანეთში მას „ღვთის რისხვას” ეძახდნენ (ა. გრიბოედოვის გადმოცემით). სახაზინო შემოსავლის გაზრდის მიზნით ე-მა სცადა საქართველოში გაეტარებინა რამდენიმე რეფორმა [1821 დააწესა შეღავათიანი ტარიფი ევროპიდან ამიერკავკასიაში შემოტანილ საქონელზე (სატრანზიტო გზა: ოდესა–ყულევი–ტფილისი–სპარსეთი)], მ. შ. ეგრეთ წოდებული საეკლ. რეფორმა, რამაც იმერეთ-გურიის მოსახლეობის აჯანყება გამოიწვია (იხ. იმერეთის აჯანყება 1819–20). მთავრობა სასტიკად გაუსწორდა აჯანყებულებს, სოფლები გადაწვეს. ხალხი ციმბირში გადაასახლეს. თვითონ ე. მ. ვორონცოვს ქართველების შესახებ წერდა: „ეს ხალხი ღირსი არ არის ალექსანდრე I-ის სათნო მმართველობისა, მას რკინის კვერთხი ესაჭიროება”. კავკასიაში გადასახლებული დეკაბრისტების მფარველობისათვის ნიკოლოზ I-მა 1827 მარტში ე. სამხ. სამსახურიდან გადააყენა.
თხზ.: Записки, ч. 1–2, М., 1865–68.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; А. П. Ермолов. Материалы для его биографии, собранные М. Погодиным, М., 1864