ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტის, ი. ჭავჭავაძის სახელობისა, დაარსდა 1846 როგორც თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა დ. ყიფიანის, ზ. ერისთავის, ვ. და გ. ორბელიანების, ნ. ბარათაშვილის, მ. თუმანიშვილისა და სხვათა თაოსნობით მეფისნაცვლის კანცელარიისა და კერძო ბ-კების ფონდების ბაზაზე. არსებობის პირველ წლებში ბ-კამ შეძლო პეტერბურგის უნ-ტის რექტორის პ. დეგუროვის პირადი ბ-კის შეძენა. 1848 ახლად დაარსებულ საჯარო ბ-კას გადაეცა დ. ყიფიანის ინიციატივით თბილისში 1842 გახსნილი „კერძო საამხანაგო ბიბლიოთეკის” (იმავე „ტფილისის კერძო ბიბლიოთეკის”), ფონდი. საჯარო ბ-კის დაკომპლექტება დაევალა მეფისნაცვლის კანცელარიის მოხელეს გ. ტოკარევს, რ-საც დიდი დახმარება გაუწია საქართველოში მყოფმა შვეიცარიელმა მოგზაურმა დიუბუა დე მონპერემ. გადაწყდა, რომ ბ-კა დაკომპლექტებულიყო წმინდა კავკასიოლოგიური ლიტ-რით. 1851 ქართველმა პოეტმა და საზ. მოღვაწემ ვ. ორბელიანმა თავისი სახსრებით ააგო შენობა, სადაც 1852 ბ-კა განთავსდა (ახლანდ. გ. ლეონიძის სახ. ბაღის ტერიტორია). 1852 ივნისიდან კავკ. მთავარმართებლის მ. ვორონცოვის განკარგულებით საცენზურო კომიტეტს დაევალა, კავკ. ფარგლებში დაბეჭდილი ყველა გამოცემის 2 ეგზემპლარი გადასცემოდა საჯარო ბ-კას. 1859-თვის საჯარო ბ-კის ფონდი შედგებოდა 13,26 ათ. ტომისაგან (19 ენაზე). 1868 თბილ. საჯარო ბ-კა შეუერთდა კავკ. მუზეუმს (იხ. სტ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი) და „კავკასიის მუზეუმი და თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა” ეწოდა. მას გაუჩნდა დაკომპლექტების ახ. წყაროც – წიგნთგაცვლა რუს. იმპერიასა და საზღვარგარეთთან. 1871 ბ-კა გადავიდა ახ. შენობაში (საქართვ. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის პირდაპირ). დიდ მიღწევად უნდა ჩაითვალოს ნაბეჭდი კატალოგების გამოცემა ა. ბერჟეს, გ. სივერსის და პ. მელერის რედაქციით (1866–85; გაგრძელებით). მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა, თბილ. საჯარო ბ-კა ვერ აკმაყოფილებდა მკითხველთა მოთხოვნებს. ნ. ნიკოლაძე ყოველმხრივ ცდილობდა ბ-კის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამ მიზნით მან მრავალჯერ დააყენა საკითხი ქალაქის თვითმმართველობაში, გაზ. „Новое обозрение”-სა და გაზ. „Кавказ”-ში (1887). ორმოცი წლის განმავლობაში გაიზარდა ბ-კის წიგნადი ფონდი (ძირითადად, მხარეთმცოდნეობითი ლიტ-რა საქართველოს, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის შესახებ). კავკ. მუზეუმის ახ. შენობის აგებასთან დაკავშირებით, 1911 ბ-კა მკითხველებისათვის დაიხურა, თუმცა მუშაობა არ შეუწყვეტია და განაგრძობდა წიგნადი ფონდის შევსებას. 1913 წ. 3 დეკემბერს ტფილისის საჯარო ბ-კა კავკ. მუზეუმის სამეცნ. ბ-კად გადაკეთდა და მთლიანად შეუერთდა კავკ. მუზეუმს. 1914 კავკ. მუზეუმის ახ. შენობის მშენებლობის გამო ბ-კა დაიხურა, ყუთებში მოთავსებული წიგნადი ფონდი 10 წელი სარდაფებში ინახებოდა. 1923 წ. 30 მაისს საქ. სსრ სახკომსაბჭომ მიიღო დადგენილება თბილისში სახელმწ. საჯარო ბ-კის დაარსების თაობაზე. მას საფუძვლად დაედო კავკ. მუზეუმთან არსებული თბილ. საჯარო ბ-კისა და საქ. სსრ სახკომსაბჭოს ბ-კის (1918–21 – პარლამენტის ბ-კა) წიგნადი ფონდები. ბ-კა ექვემდებარებოდა საქ. სსრ განათლების სახ. კომისარიატს; დირექტორად დაინიშნა სახკომსაბჭოს ბ-კის დირექტორი გ. გეხტმანი. 1923-იდან ბ-კა არარეგულარულად იღებდა საქართვ. ბეჭდური პროდუქციის აუცილებელ უფასო ცალებს, ხოლო 1926-იდან კი რეგულარულად დაიწყო სსრკ-ში შემავალი ყველა რესპ. ენაზე გამოცემული პროდუქციის მოწოდება. 1928-მდე ბ-კა განთავსებული იყო სახკომსაბჭოს შენობაში, შემდეგ კი გადაიტანეს ყოფ. სამხ. ტაძარში, 1929 – ლ. კეცხოველის ქუჩაზე (ახლანდ. ლ. გუდიაშვილის ქუჩა) ყოფ. სათავადაზნაურო ბანკის შენობაში (1913–16, არქიტ. ა. კალგინი, მხატვარი ჰ. ჰრინევსკი). თაღოვანი გალერეა, მთ. შესასვლელი, ზედა სართულის ღია ტერასა, მოხდენილი კოშკი, ძარღვიანი დეტალები, ოსტატურად და ზუსტად გამოყენებული ორნამენტული მოტივები – ასეთია ამ თეთრი ეკლარის ქვით მოპირკეთებული შენობის არქიტექტურა. 1931 წლის 25 თებერვალს ბ-კა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა მკითხველთა ფართო მასების მომსახურებისათვის. 1931–33 საარქივო მასალების მიხედვით ბ-კა 25 თებ. სახელობისა იყო. 1937 მას გადაეცა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის (1879–1927) ბ-კის წიგნადი ფონდი, რითაც იგი გახადა ეროვნ. ნაბეჭდი ერთეულის ყველაზე სრულყოფილი მფლობელი. 1939 დასრულდა ბ-კის წიგნადი ფონდის გენ., სისტ. და ანბანური კატალოგების შედგენა. 1953-იდან ბ-კა ექვემდებარებოდა ახლად შექმნილ კულტ. სამინისტროს; ამავე წელს მას გადაეცა კიდევ ერთი შენობა (ახლანდ. II კორპ.), 1955-იდან დაერქვა კ. მარქსის სახ. საქართველოს სსრ სახელმწ. რესპ. ბიბლიოთეკა. 1957-იდან ბ-კა ეწევა საერთაშ. წიგნთგაცვლას. 1971 დაიწყო მისი წიგნთსაცავი კორპუსის მშენებლობა (დასრულდა 1977). 1990 ბ-კას გადაეცა მის გვერდზე მდგარი შენობა (1910, არქიტ. მ. ოჰანჯანოვი, ნეოკლასიკური სტილი), ყოფ. ვოლგა-კამის საზ-ბის ბანკი, რ-შიც გასაბჭოების შემდეგ ფინანსთა სამინისტრო იყო განთავსებული.
1955–90 ფუნქციონირებდა საქართვ. სახელმწ. რესპ. ბ-კის სახელწოდებით, 1991-იდან კი ეწოდა ე. ბ., ხოლო საქართვ. პრეზიდენტის 1996 წ. 25 დეკ. ბრძანებულებით იგი შევიდა საქართვ. პარლამენტის გამგებლობაში და საქართვ. პარლამენტის ე. ბ. ეწოდა, 2000-იდან ი. ჭავჭავაძის სახელობისა გახდა და სახელმწ. დაფინანსებაზე გადავიდა. 1991-იდან ბ-კა საბიბლიოთეკო ასოციაციების საერთაშ. ფედერაციის (IFLA) წევრია. 2012 წ. 1 იანვრისთვის ბ-კის სტრუქტურაში გაერთიანებული იყო შემდეგი დეპარტამენტები: ა) მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტი, რ-იც მოიცავდა: სამეცნ. მეთოდურ საბჭოს, გამომცემლობის, ქართველოლოგიის, სამოქ. განათლების, ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და სტანდარტების, საზ-ბასთან ურთიერთობისა და კულტ. პროგრამების, პარლამენტის სამეცნ. უზრუნველყოფის განყ-ბებს; ბ) საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტი, მოიცავდა: საბიბლიოთეკათშორისო აბონენტის, სამკითხველო დარბაზებით მომსახურების, ელექტრონული რესურსებით მომსახურების, მკითხველთა რეგისტრაციის, სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურების განყ-ბებს; გ) საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტი, მოიცავდა: წიგნსაცავის, იშვიათ გამოცემათა, პერიოდულ გამოცემათა საცავის, საქართველოში ნაბეჭდი და ელექტრონული გამოცემების საარქივო ფონდის, ფონდების კონსერვაციის და რესტავრაციის, დაკომპლექტების, ISBN წიგნის, ISMNM მუს. გამოცემებისა და ISSN სერიული გამოცემების საერთაშ. სტანდ. ნომრის, პერიოდულ გამოცემათა დამუშავების, ფონდებისა და კატალოგების ორგანიზებისა და დაცვის, პლაკატისა და ესტამპის, კლასიფიკაციისა და კატალოგიზაციის, კარტოგრაფიის განყ-ბებს. ბ-კის დაკომპლექტების წყაროებია: უფასო სავალდებულო ცალები (რ-ებსაც ბ-კა იღებდა 1923-იდან), შეძენა, ხელმოწერა, შიდა და საერთაშ. გაცვლა, შემოწირულობები. ბ-კის წიგნად ფონდში გაერთიანებულია საქართვ. არაერთი უძველესი კერძო თუ სახელმწ. ბ-კის კოლექცია, რ-შიც, თავის მხრივ, შედის კავკ. მეფისნაცვლის მ. ვორონცოვის პირადი კოლექცია, კავკ. ცნობილი მკვლევრის ე. ვეიდენბაუმის, ცნობილი ისტორიკოსის ს. ესაძის, პროფ. გ. გეხტმანის კოლექციები. ე. ბ-ის ფონდში შედის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის ბ-კის ფონდი, რ-შიც გაერთიანებულია ეგზემპლარები ქართვ. ბატონიშვილთა პირადი ბ-კებიდან, სამეგრელოს მთავრის დ. დადიანის, XIX ს. გამოჩენილ მოღვაწეთა – დ. ჩუბინაშვილის, რ. ერისთავის, ი. გოგებაშვილის, პ. უმიკაშვილის პირადი ბიბლიოთეკა-კოლექციები, ისტორიკოს დ. ბაქრაძის კოლექცია; ამ ფონდის ნაწილს შეადგენს ი. ჭავჭავაძის პირადი ბ-კა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის ფონდი საფუძვლად დაედო 1937 ჩამოყალიბებულ ქართ. ნაბეჭდი ერთეულის საარქივო ფონდს. ბ-კის ფონდში აგრეთვე შედის ნ. ნიკოლაძის არქივი და ბ-კის ნაწილი, რ-ებიც გადაცემულია ნაწილ-ნაწილ 1920, 1941 და 1960 წლებში; მ. ბერძნიშვილის არქივი; ი. იმედაშვილის ქართვ. მოღვაწეთა ლექსიკონის საარქივო ფონდი და სხვ. 2012-თვის ბ-კის ფონდში სულ დაცული იყო: წიგნი – 3623992 ერთეული, ჟურნალი – 231222 წლიური კომპლექტი, გაზეთი – 54299 წლიური კომპლექტი, ფურცლოვანი გამოცემები – 75691 ერთეული, ნოტი – 97086 ერთეული, გრამფირფიტა – 23707 ერთეული,CD/DVD – 3645 ერთეული, კარტოგრაფიული გამოცემები – 19688 ერთეული, მიკროფორმები – 18198 ერთეული. ბ-კის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში დაცულია პირველნაბეჭდი ქართ. წიგნის სრულყოფილი კოლექცია, სადაც გაერთიანებულია ისეთი რარიტეტული გამოცემები, როგორიცაა 1629 რომში კათოლიკე მისიონერთა სტამბაში დაბეჭდილი პირველი ქართ. ნაბეჭდი წიგნი – „ქართულ-იტალიური ლექსიკონი”, 1705 მოსკოვში მეფე არჩილ II-ის მიერ დაბეჭდილი „დავითნი”, მეფე ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილი 1709 წლის უიშვიათესი „დავითნი” და 1712 წლის პირველნაბეჭდი „ვეფხისტყაოსანი”; ბ-კა ფლობს საქართველოში ვახტანგ VI-ის მიერ დაარსებულ პირველ ქართ. სტამბაში დაბეჭდილი გამოცემების ყველაზე სრულ კოლექციას, აქვე დაცულ ხელნაწერთა ფონდში ინახება XIII ს. ხელნაწერი სახარება. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის (სპებ) ერთიანი წიგნადი ფონდი ენების მიხედვით ასე ნაწილდება: ქართული – 532523 (14,7%); უცხოური – 3091469 (85,3%), მ. შ.: ევროპული – 152419 (4,3%), რუსული – 2876300 (79,3%), სხვა ენებზე – 62750 (1,7%); სულ – 3623992 (100%). პერიოდულ გამოცემათა ფონდში დაცულია საქართველოში დაბეჭდილი პერიოდიკის უმდიდრესი კოლექცია ქართ., რუს., სომხ., აზერბ., აფხ., ოსურ და სხვა ენებზე, ევრ. ქვეყნების პრესა და სამეცნ. ხასიათის პერიოდული გამოცემები ინგლ., ფრანგ., იტალ., გერმ. ენებზე, აშშ-ს პრესა და სამეცნ. პერიოდიკა. ფონდის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს საბჭოთა რესპუბლიკების ცენტრ. გაზეთების 1921–89 წლიური კომპლექტები და პერიოდიკა რუს., სომხ. და აზერბ. ენებზე. ბ-კის ფონდიდან აღსანიშნავია პირველი ქართ. გაზეთი, დაბეჭდილი 1819 წელს „საქართველოს გაზეთის” სახელწოდებით, „ივერიის”, „დროების”, „ცნობის ფურცლის” სრული წლიური კომპლექტები, XX ს. 20-იანი წლების რეპრესირებული პრესა, საქართვ. პირველი დემოკრ. რესპუბლიკის დროინდელი იშვიათი პერიოდიკა და სხვ. ბ-კა ფლობს სანოტო და აუდიო-ვიზუალური გამოცემების მდიდარ კოლექციას, კარტოგრაფიულ გამოცემათა, მიკროფილმებისა და მიკროფიშების, ხელნაწერთა და საარქივო, ელექტრონული გამოცემების ფონდებს. ბ-კის ელექტრონული რესურსები შეიცავს როგორც ელექტრონულ საცნობარო ლიტ-რას, კატალოგებს, ლექსიკონებს, ცნობარებს, ასევე ელექტრონულ ბ-კას – ელექტრონულ ტექსტებს, რ-ებიც 2012-იდან გაერთიანდა ელექტრონულ ბ-კაში „ივერიელი” (მისი სახელწოდება უკავშირდება ანთიმოზ ივერიელის, ქართული სტამბის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორის, სახელს). ელექტრონული კატალოგებით შესაძლებელია იმის დადგენა, არის თუ არა ბ-კაში ესა თუ ის გამოცემა და შენახვის რა შიფრითაა დაცული ფონდში. კატალოგი 2012-თვის შეიცავდა 3 მლნ. ჩანაწერს. ქართ. გაზეთების საძიებელი მომხმარებელს საშუალებას აძლევს მოიძიოს სასურველი გაზეთი არა მარტო სახელწოდების, არამედ გამოცემის დაწყების, ადგილის, რედაქტორის, თემატიკის, გამომცემელი ორგანოსა და სხვათა მიხედვით. ბ-კას აქვს ცნობარი „ქართველი ავტორები”. კოლექციაში წარმოდგენილია თანამედროვე ქართვ. ავტორების ბიოგრ. მონაცემები და მათი ავტორობით გამოსული წიგნების ბიბლიოგრ. აღწერილობა. ე. ბ-ის საიტზე წარმოდგენილია სხვადასხვა თემის ელექტრონული ლექსიკონი: ფსევდონიმების, უცხო სიტყვათა განმარტებითი, ადამიანის უფლებათა, სამოქ. განათლების, ინგლ.-ქართ., საკანონმდებლო ტერმინთა, კომპიუტერული და საბიბლიოთეკო ტერმინთა, საქართვ. ისტ. ძეგლთა, ბიბლიოგრაფიული და სხვა ლექსიკონები. ბ-კა ეწევა სამეცნ.-კვლ. მუშაობას ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფიისა და წიგნის ისტ. დარგში. ე. ბ. მონაწილეობს საერთაშ. პროექტებში. ე. ბ. 2007-იდან თანამშრომლობს სმითსონის ინ-ტთან, რ-ის შედეგად შეიქმნა სმითსონის მუზეუმთა ქსელისა (http://www.si.edu) და საქართვ. პარლამენტის ე. ბ-ის ერთობლივი ვებ-საიტი, რ-იც ასახავს საქართვ. კულტ. მემკვიდრეობასა და ორი ოჯახის – ჭავჭავაძეებისა და დადიანების ისტორიას. 2008 წლის 1 იანვრიდან ე. ბ. ჩართულია საერთაშ. საბიბლიოთეკო პროექტ “FUMAGABA”-ში, რ-ის მიზანია, დაეხმაროს 8 ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი, ალბანეთი, სომხეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდავეთი, მაკედონია, უკრაინა) ეროვნ. ბ-კებს, გახდნენ “The European Libraru”-ის (“ევროპული ბიბლიოთეკა”), ევროპის 48 ეროვნ. ბ-კის ვებპორტალის სრულუფლებიანი წევრები. ბ-კის არქიტ. კომპლექსში შედის 5 კორპუსი, სადაც ფუნქციონირებს სამკითხველო დარბაზები: საერთო (I კორპ.); მეცნიერ მუშაკთა (I კორპ.); პერიოდიკის (I კორპ.); საცნობარო-ბიბლიოგრაფიული მომსახურების (I კორპ.); სამოქალაქო განათლების (II კორპ.); ქართველოლოგიური ლიტ-რის (III კორპ.); დისერტაციების (III კორპ.); იშვიათ გამოცემათა (III კორპ.); სანოტო და ხმოვანი გამოცემების (III კორპ.); პლაკატის და ესტამპის (III კორპ.); ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის (II კორპ.) დარბაზები და საცავი (IV კორპ.). XXI ს-ის დასაწყისში საქველმოქმედო ფონდ „ქართუს” სახსრებით საბიბლიოთეკო კომპლექსში ჩატარდა დიდი მოცულობის სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები. ე. ბ-ის ხელმძღვანელები: გ. ტოკარევი (1846–50), ლ. დე სან-ტომა (1850–57), ა. ბერჟე (1858–68). კავკ. მუზეუმთან გაერთიანების შემდეგ ბ-კის დირექტორები იყვნენ: გ. რადე (1868–1903), ა. კოზნაკოვი (1904–19), ნ. ყიფიანი (1919–23), გ. გეხტმანი (1923–30), ს. ეული-ქურიძე (1931–36), ბ. ბიბინეიშვილი (1936–37), ი. მაჩაბელი [1937 (აპრ.-დეკ.)], ი. ჭელიძე (1938–41), ვ. მგალობლიშვილი (1942–43), ს. ეული-ქურიძე (1944–62), პ. კანდელაკი (1962–68), ა. კავკასიძე (1968–84), ა. ძიძიგური (1984–91), ნ. წულეისკირი (1991–92), ა. ძიძიგური (1992–97), ა. კარტოზია (1997–98), ლ. ბერძენიშვილი (1998–2004), ზ. აბაშიძე (2004–05), ბ. გაგუა (2005–11), გ. კეკელიძე (2012-იდან). ბ-კაში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის გამოჩენილი მოღვაწეები: ნ. აკერმანი, ლ. ანანიაშვილი, გ. ი. ბაქრაძე, გ. გიორგიძე, ნ. ლორთქიფანიძე, თ. ნაკაშიძე, თ. მაჭავარიანი, ვ. კახიანი და სხვ.
ლ. თაქთაქიშვილი