ეროვნული ენა სამართალწარმოებაში

ეროვნული ენა სამართალწარმოებაში, სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ერთ-ერთი დემოკრატიული პრინციპი, რ-იც გულისხმობს სასამართლო საქმეების წარმოებას ეროვნულ ენაზე. საქართველოში სამართალწარმოება მრავალი საუკუნის განმავლობაში ეროვნ. ნიადაგს ემყარებოდა და XIX ს. დასაწყისამდე ქართ. ენაზე მიმდინარეობდა. ე. ე. მოიშალა საქართვ. ანექსიის – რუს. იმპერიასთან შეერთების (1801) შემდეგ, როდესაც საქართველოში გაბატონდა საქმის წარმოების უცხ. სახელმწ. ენის წესი. აქედან დაწყებული საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში სამართალწარმოება საქართველოში, ისევე როგორც მთელ რუს. იმპერიაში, ოფიც. – რუს. ენაზე წარიმართებოდა. ე. ე. აღდგა საქართვ. დამოუკიდებლობის გამოცხადების (1918 წ. 26 მაისი) შემდეგ. მისი აღდგენისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას თავდაპირველად საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918), ხოლო შემდეგ – საქ. სსრ-ში (1921). თანდათანობით ჩამოყალიბდა სამართალწარმოების ე. ე-ის ინ-ტი, რ-იც აისახა სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში (საქ. სსრ-ის პირველი ასეთი აქტი იყო 1921 წ. 30 ივლ. დებულება სახ. სასამართლოს შესახებ). 1937-იდან ე. ე. საქართველოში კონსტიტუციითაც განმტკიცდა. 1995 კონსტიტუციით, „საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზური” (მ. 8). სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწ. ენაზე. პირს, რ-მაც სახელმწ. ენა არ იცის, მიეჩინება თარჯიმანი. იმ რაიონებში, სადაც მოსახლეობა არ ფლობს სახელმწ. ენას, უზრუნველყოფილია ენის შესწავლა და სამართალწარმოებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა (მ. 85, პუნქტი 2). ე. ე-ის პრინციპი გათვალისწინებულია სპეც. დარგობრივი საკანონმდებლო აქტებით, როგორიცაა ორგ. კანონი საქართვ. საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, კანონი საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ, ორგ. კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, საქართვ. სისხლის სამართ. საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები. ამ აქტებში განსაზღვრულია სამართალწარმოების ენა, განვითარებულ-განვრცობილი და დაკონკრეტებულია კონსტ. დებულებები ე. ე-ის შესახებ. მაგ., დადგენილია, რომ კონსტ. სარჩელი, კონსტ. წარდგინება და თანდართული საბუთები შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე; თუ ბრალდებულმა არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართ. პროცესის ენა, განაჩენი გამოცხადებისთანავე ან სინქრონულად უნდა ითარგმნოს ბრალდებულის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე.

ლიტ.: ფუტკარაძე ი., სამართალწარმოების ეროვნული ენის კონსტიტუციური პრინციპის განვითარება, «საბჭოთა სამართალი», 1983, N1.

ი. ფუტკარაძე