ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, თსუ-ის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა. არსებული სახით ჩამოყალიბდა 2012 წ. 1 იანვარს. 2006 საქართვ. მეცნ. აკად. ცენტრალური სამეცნ. და რესპ. სამეცნ.-ტექ. ბიბლიოთეკები გაერთიანდა. ე. ს. ბ-ის არსებობა 72 წელს ითვლის – 1941 დაარსდა საქართვ. მეცნ. აკად. ცენტრ. სამეცნ. ბიბლიოთეკა. ე. ს. ბ-ის შემადგელობაში XX ს. 60-იანი წლებიდან არის ი. გრიშაშვილის სახ. ბიბლიოთეკა-მუზეუმი (არსებობს 1957-იდან, იხ. სტ. ი. გრიშაშვილი) და გ. მიქელაძის სახ. სამეცნ.-ტექ. ბიბლიოთეკა (1965-იდან, იხ. სტ. გ. მიქელაძე). ცენტრ. სამეცნ. ბ-კა იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის 44 სამეცნ. ინ-ტის ბიბლიოთეკების მეთოდური ხელმძღვანელი. ამასთან იგი ცენტრალიზებული წესით უზრუნველყოფდა მათ დაკომპლექტებას უცხ. ლიტ-რით საერთაშ. და შიდასაკავშირო წიგნთგაცვლის გზით. 1959 წლიდან გამოსცემდა აკად. სამეცნ. შრომების ბიბლიოგრაფიას, ტ. 1–7 (1937–77), თბ., 1959–81; ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის დარგის შრომებს, ლექსიკონებს, მეცნ. ბიობიბლიოგრაფიებს, პერიოდიკის ანალიტიკურ აღწერილობებს და ა.შ. 1977–87 გამოიცა პოეტ-აკადემიკოს ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი (ტ. 1–3) და სხვ. ე. ს. ბ. საქართვ. უდიდესი ბ-კაა და აქვს უნიკალური ფონდები. მისი წიგნადი ფონდი 3,5 მლნ-ს აღწევს (აქედან 600 ათასზე მეტი უცხ. გამოცემაა), პერიოდული გამოცემების ფონდი 2 მლნ-ზე მეტია, იშვიათი გამოცემების ფონდი 40 ათასს, საპატენტო და ტექ. დოკუმენტაციის ფონდი კი 22 მლნ. ერთეულს აღემატება. საპატენტო დოკუმენტაციისა და სტანდარტების ფონდი ერთადერთია საქართველოში. ბ-კა ყოველწლიურად აკეთებს ხელმოწერას თანამედროვე ელექტრონულ მონაცემთა ბაზებზეც, რ-ებშიც 2013-თვის 15 ათასზე მეტი დასახელების ელექტრონული ჟურნალი და 90 ათასზე მეტი ელექტრონული წიგნია. ბ-კის ფონდების თემატიკა უნივერსალურია, იგი მოიცავს პრაქტიკულად ყველა დარგის ლიტ-რას, მისი გამოყენება შეუძლია არა მხოლოდ მეცნიერსა თუ სტუდენტს, არამედ ნებისმიერ მკითხველს. სამეცნ. გამოცემებსა და სახელმძღვანელოებთან ერთად დაცულია მხატვრული ლიტ-რა, ალბომები, სამეცნ.-პოპულარული ლიტ-რა და სხვ. ე. ს. ბ-ში დაცულია უამრავი საინტერესო და ისტორიულად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, როგორც ისტ., ასევე თანამედროვე. ახ. მასალების შეძენა ხდება ბეჭდური, ელექტრონული და სხვ. სახით. მასალების ფორმატების მრავალფეროვნების გათვალისწინებით (ბეჭდური, ფოტო, ელექტრონული, მიკროფირები, აუდიოჩანაწერები, აფიშები, არქივები და სხვ.) შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთ-ერთი პირველი მედიათეკა საქართველოში. ე. ს. ბ-ში დაცულია არაერთი გამოჩენილი მეცნ. თუ საზ. მოღვაწის პირადი ბ-კა (ე. თაყაიშვილი, ვ. ბერიძე, ს. ნარიკაშვილი, ვ. ვორონინი, ა. ბაიკოვი, მ. პოლიექტოვი, გ. ლომთათიძე, ნ. ლორთქიფანიძე, ძმები ი. და ვ. ასლანიშვილები და სხვ.), აგრეთვე, მრავალი რარიტეტული გამოცემა, მ. შ. ისეთებიც, რ-თა მხოლოდ ერთადერთი ეგზემპლარია შემორჩენილი. უიშვიათეს გამოცემებს განეკუთვნება ვ. კორბოს წიგნი, რ-შიც აღწერილია V–VI სს. ქართ. მონასტრის ნაშთები; X ს. ხელნაწერის – ბერთის სახარების მიკროფილმი; IX–XI სს. ე. წ. სინური და იერუსალიმური ქართ. ხელნაწერების მიკროფილმები. ბ-კის ფონდში ინახება „ვეფხისტყაოსნის” ყველა ქართ. გამოცემა და მრავალი თარგმანი. უნიკალური გამოცემებიდან დაცულია XVIII–XIX სს. ქართ. წიგნები, პირველი ქართ. პერიოდული გამოცემების არასრული კოლექცია [გაზეთი „ივერია” (1886–1909), „ცნობის ფურცელი” (1901–06), „მწყემსი” (1883 წ.), „საქართველოს მოამბე” (1909 წ.), „დროება” (1909 წ.), „სახალხო ფურცელი” (1914 წ.)]. XVIII–XIX სს. რუს. წიგნები და პერიოდიკა, უძველესი ებრ., სომხ. გამოცემები. არსებობს მე-16 საუკუნის იშვიათი ევრ. წიგნების კოლექცია. მათ შორისაა 1531–43 წლებში გამოცემული მარტინ ლუთერის წიგნები და მრავალი სხვა. ე. ს. ბ-ს გააჩნია ნათელი და მოხერხებული სამკითხველო დარბაზები, რ-ებიც აღჭურვილია კომპიუტერული ტექნიკით, ქსეროქსებით, მიკროფირების საკითხავი აპარატურით, უსინათლოთა მომსახურების საშუალებით, საპროექციო აუდიო-ვიდეო აპარატურით, უფასო ინტერნეტით (მ. შ. WiFi ქსელი). სამკითხველო დარბაზებში განთავსებულია ბ-კის მასალების გარკვეული ნაწილი: წიგნები, ლექსიკონები, ენციკლოპედიები, ახ. პერიოდული გამოცემები. შესაძლებელია ლიტ-რის გატანაც. ბ-კა აღჭურვილია კატალოგებით, რ-ებშიც ძიება მკითხველს შეუძლია როგორც დამოუკიდებლად, ასევე ბიბლიოგრაფის დახმარებით. არსებობს კატალოგის ელექტრონული ვერსიაც: [http://opac. sciencelib.ge.] ბ-კას გააჩნია სათანადო ტექ. საშუალებებით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი, რ-შიც როგორც ბ-კის, ასევე მკითხველების ინიციატივით ტარდება პრეზენტაციები, ლექციები, სემინარები, გამოფენები, დისკუსიები, აჩვენებენ ვიდეოფილმებს. ე. ს. ბ-ში მოქმედებს ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტი. მისი მთავარი ფუნქციაა, დააკმაყოფილოს მკითხველის მოთხოვნა იმ ლიტ-რით, რ-იც ბ-კის ფონდში არ აღმოჩნდება. განყ-ბა თანამშრომლობს საქართველოს და უცხოეთის სხვადასხვა ბ-კებთან. დაკვეთილი დოკუმენტების მოძიება ხდება ამ ფონდებში. მომსახურება უფასოა. საინფორმაციო ტექნოლოგიების განყ-ბა მკითხველს სთავაზობს სამეცნ. ჟურნალებს, სამეცნ. სტატიებს, ელექტრონულ წიგნებს, დისერტაციებს, პატენტებს; სტანდარტებს; ქართ. და უცხ. უნ-ტების სასწ. პროგრამებსა და სახელმძღვანელოებს; ცნობებს გრანტების, საერთაშ. დონორი ორგანიზაციების და კოლაბორატორების შესახებ. მიწოდება ხდება როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით საქართვ. ნებისმიერ კუთხეში. ბ-კის ვებ-პორტალი [(http://www. sciencelib.ge)] წარმოადგენს მრავალფუნქციურ საინფორმაციო საშუალებას, საიდანაც მომხმარებელი სწრაფად იღებს ინფორმაციას მსოფლიოს მრავალი სამეცნ. ცენტრიდან მისთვის სასურველი ფორმით (მოკლე ცნობები, სამეცნ. სტატიები, წიგნები, ვიდეოლექციები, სტატისტ. ცნობები და სხვ.). საინფორმაციო-ბიბლიოგრ. მომსახურება მკითხველს სთავაზობს ბ-კის საცნობო-საძიებო სისტემის გამოყენებით ლიტ-რის, ბიბლიოგრ. სიებისა და საძიებლების შედგენასა და გამოცემას. სამეცნ. ნაშრომების ელექტრონული ვერსიების გამოქვეყნება – ეს თანამედროვე სერვისი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გამოაქვეყნონ თავიანთი სამეცნ.-პოპულარული შრომები ღია ელექტრონულ არქივში, რ-იც აღჭურვილია მძლავრი საძიებო სისტემით და უკავშირდება მსოფლიოს სამეცნ. საძიებლებს, რითაც შესაძლებელი ხდება მეცნიერთა ციტირების ინდექსების დადგენა Google Scholar-ისა და ტომსონის მონაცემთა გამოყენებით. ე. ს. ბ-ის სამეცნ.-ტექ. თარგმანის ჯგუფი მკითხველს სთავაზობს შემდეგ მომსახურებას: მკითხველთა დახმარება ინტერნეტში უცხოენოვანი სამეცნ. ლიტ-რის მოძიებასა და მიღებაში; სამეცნ. შრომების თარგმნა უცხო ენებიდან ქართულად და – პირიქით. საპატენტო მომსახურება მოიცავს საპატენტო ძიებას როგორც არსებულ ფონდში, ასევე ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში საპატენტო საკითხებზე კონსულტაციებს; ასევე გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელზე, სამრეწველო და სასაქონლო ნიმუშებზე განაცხადის გაფორმებას. ე. ს. ბ-ის რესტავრაციის განყ-ბა ბ-კის დაზიანებულ ლიტ-რასთან ერთად აღადგენს მკითხველთა პირად წიგნებს. უსინათლოთა და მცირე მხედველთა საბიბლიოთეკო მომსახურების ცენტრის ძირითადი მისიაა სამეცნ.-ტექ. და საგანმან. ლიტ-რით სპეციალიზებული მომსახურების უზრუნველყოფა. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერებით, უსინათლოებისთვის ადაპტირებული პროგრამით და სხვ. ტექნიკით, რაც საშუალებას აძლევს უსინათლოებს მოისმინონ წიგნები და ასევე სხვ. დოკუმენტები ქართ., რუს., ინგლ. და სხვა ენებზე, ცენტრში არსებული ელექტრონული ბ-კიდან გამოიყენონ დოკუმენტები, ელექტროფოსტა, უსინათლოთა პროგრამული საშუალებები. მცირემხედველებს საშუალება აქვთ პროგრამის საშუალებით გაადიდონ ტექსტი ეკრანზე და დამოუკიდებლად შეძლონ კითხვა. ე. ს. ბ-ს ყოველწლიურად სტუმრობს 8 ათასამდე მკითხველი, რეგისტრაციას გადის 300-ზე მეტი ახ. მომხმარებელი, ვებსაიტს კი სტუმრობს 40 ათასზე მეტი მომხმარებელი. ბ-კა ჩართულია წიგნების გაცვლის ქსელში და რეგულარულად იღებს უახლეს სამეცნ. გამოცემებს მსოფლიოს და საქართვ. სამეცნ. ცენტრებიდან. ე. ს. ბ. ეწევა სამეცნ. მუშაობას საინფორმაციო და საბიბლიოთეკო საქმის სხვადასხვა საკითხებზე: ბ-კის ფონდების კვლევა, დარგობრივი ბიბლიოგრაფიების შედგენა, მომხმარებელთა საინფორმაციო მოთხოვნილებების და სამეცნ. კვლევების ბიბლიომეტრიული ანალიზი, ბიბლიოგრ. სტანდარტები და დარგის ტექ. სტანდარტები. ხარისხის მართვის ჯგუფი აანალიზებს ბ-კის მუშაობასა და მკითხველთა მოთხოვნილებებს. კვლევების საფუძველზე მუშავდება ახ. სერვისები, საძიებლები, ცნობარები, პროგრამული საშუალებები, ბიბლიოგრ. მეთოდები. 2007 ე. ს. ბ-ში შეიქმნა ბიბლიოთეკართა სასწ. ცენტრი, რ-იც უზრუნველყოფს როგორც თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე სხვა ორგანიზაციების ბიბლიოთეკართა მომზადებას. ტრად. საბიბლიოთეკო საკითხების გარდა, ყურადღება ეთმობა თანამედროვე მენეჯმენტისა და მარკეტინგის მეთოდებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ელექტრონული გამოცემების მომზადებას, დიგიტიზაციას. ცენტრი თანამშრომლობს საქართველოს მრავალ უნ-ტთან, ბ-კასთან და სკოლასთან. ე. ს. ბ. არის საერთაშ. ორგანიზაციების წევრი: LIBER (ევრ. სამეცნ. ბიბლიოთეკების ლიგა), EIFL.net და სხვ. მას აქვს აგრეთვე კავშირი მსოფლიოს ქართველოლოგიის ცენტრებთან, სამეცნ. გამომცემლობებთან, უნ-ტებთან, აკადემიებთან. ე. ს. ბ-ის მიერ დაარსებიდან 2013 წლის 1 იანვრამდე გამოქვეყნებულია 170 დასახელების ნაშრომი (მ. შ. 99 პერსონალური ბიობიბლიოგრაფია სერიით „ქართველი მეცნიერები“), რ-ებიც, ისევე როგორც მომხმარებელთა სამეცნ. შრომები, ქვეყნდება ელექტრონული სახითაც ციფრულ არქივში: http://dspace.gela.org.ge. ს. ბ. ერთ-ერთი ლიდერია საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის მხრივ. მას აქვს ელექტრონული კატალოგების თანამედროვე სისტემა, ინტერაქტიული და ინფორმატიკული ვებსაიტი, ელექტრონული პუბლიკაციების არქივი, რ-შიც შედის როგორც ახ. გამოცემები, ასევე წინა წლების ბეჭდური სამეცნ. შრომების ასლები. ამ ელექტრონული სისტემის მოცულობა და მომსახურების ფორმები რეგულარულად იხვეწება კვლევისა და ტექნოლოგიების დანერგვის გზით. 1950-იდან საქართვ. მეცნ. აკად. პრეზიდიუმის დავალებით დაიგეგმა ბიბლიოთეკისათვის აკადემქალაქის ტერიტორიაზე პირველი მასშტაბური (საერთო ფართობი – 10 000 მ², ეზო – 1,25 ჰა) შენობის აგება (არქიტექტორები: გ. ლეჟავა და ი. ლიბერმანი), რ-იც 1970 დასრულდა. XX ს. 60-იან წლებში აიგო ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის შენობა (ი. გრიშაშვილის ხის სახლის ადგილას). 1986 აიგო შენობა სამეცნ.-ტექ. ბიბლიოთეკისათვის (არქიტ. გ. ბიჭიაშვილი) საერთო ფართობი – 8000 მ². სამივე შენობა საკმაოდ კარგად არის შენახული და იმ ეპოქის უნიკალურ არქიტ. ძეგლს წარმოადგენს. ე. ს. გ-ის ფილიალების ხელმძღვანელები იყვნენ: საქართვ. მეცნ. აკად. ცენტრ. ბიბლიოთეკის – გ. გიორგიძე (1945–49), ვ. უზნაძე (1949–67), ს. ხადური (1967–89), ნ. გურგენიძე (1989–99), მ. ზაალიშვილი (2001–06); რესპ. სამეცნ.-ტექ. ბიბლიოთეკის – რ. გორგილაძე (1965–98), ნ. გოქსაძე (1998–2006); ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის ხელმძღვანელი 1960–65 თვითონ ი. გრიშაშვილი იყო. დღესაც ამ ფონდებს ძირითადად მისი ოჯახის წარმომადგენლები პატრონობენ. ე. ს. ბ-ის დირექტორი 2006-იდან არის ი. ღარიბაშვილი.
ლიტ.: უზნაძე ვ., საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკა, თბ., 1965.
ი. ღარიბაშვილი