ერწოს ველის არქეოლოგიური ძეგლები, ერწოს ველზე (თიანეთის მუნიციპალიტეტი) აღმოჩენილი სხვადასხვა დროის ნამოსახლარები და სამაროვნები, ეკლესიის, საკულტო ნაგებობათა ნანგრევები. აღრიცხულია 200-მდე არქეოლ. ძეგლი. მ. შ. ჯერ-ჯერობით ყველაზე ადრინდელია სოფ. თრანის ე. წ. „რკინის კალო” (გათხარეს 1963–65 და 1969 წლებში). იგი მდებარეობს მდ. თრანულის მარჯვ. ნაპირზე და წარმოადგენს 1 მ სისქის ქვაყრილს, რ-იც ძვ. წ. IX–VIII სს. ორმოსამარხების თავზეა წარმოქმნილი. ქვაყრილში ჩაშვებულია ძვ. წ. VII–VI სს. სამარხები. გვიანდ. სამარხებში დაკრძალვის წესი კარგად არ არის გარკვეული. არქაულ ორმოსამარხებში კი (სიღრმე – 1,2–1,5 მ) მიცვალებულები ესვენენ მარჯვ. ან მარცხ. გვერდზე მოხრილი კიდურებით, თავით უმეტესად სამხრეთისკენ. სამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოსა და რკინის იარაღი (ისრისპირები, შუბისპირები, მოხრილი ცალპირა საჩეხები, შედგენილტარიანი მახვილები, დანები, სატევრები, შუბისპირები და სხვ.), ბრინჯაოს სამკაული (სამაჯურები, ჭვირული მედალიონები, რომბისებრი კილიტები, რგოლები, ძეწკვები, მცირე ზომის ირმის ქანდაკებები და სხვ.), აგრეთვე ძვლის ისრისპირები, სარდიონის მძივები და მრავალნაირი ფორმის თიხის ლეგა ჭურჭელი. გვიანდ. ანტ. ხანაში ერწოს ველი მჭიდროდ ყოფილა დასახლებული. ამ დროის ძეგლებს შორის შესწავლილია სოფ. მაგრანეთის ქუშანაანთ გორის ნამოსახლარი და სამაროვანი. აქ რიგითი ორმოსამარხების გვერდით აღმოჩნდა არმაზისხევის ტიპის მდიდრული სამარხების ჯგუფი, რ-თაგან გამოირჩევა ერთი სამარხი. 1 მ სიღრმის ორმოში დაკრძალული იყო ზურგზე გაშოტილი ერთი მიცვალებული, თავით დას-კენ. სამარხი გადახურული იყო ხის კონსტრუქციაზე დაყრდნობილი კრამიტის ორფერდა სახურავით. მასში აღმოჩნდა ოქროს (ბეჭდები, საყურეები) და ვერცხლის (არმაზულწარწერიანი თასი, 2 სურა, ქამრის ნაწილები, ბეჭდები) ნივთები, მინის ჭურჭელი, გიშრის მძივები და სხვ. ქუშანაანთ გორის სამაროვანი ითვლება გაბატონებული სოც. ფენის კუთვნილებად. სოფ. მაგრანეთი კი გვიანდ. ანტ. ხანის ერწოს პოლიტ. ცენტრი უნდა ყოფილიყო. ადრინდ. ფეოდ. ხანაში ერწოს ველმა კვლავ აღმავლობა განიცადა. ეკონ. და კულტ. ცხოვრების დაწინაურებაზე მიუთითებს ნამოსახლართა და სამაროვანთა სიხშირე და მასალის მრავალფეროვნება. ამ მხრივ საყურადღებოა თრანის სამაროვანი, სადაც შირიმის ფილებით ნაგებ ქვის სამარხებში რკინისა და ბრინჯაოს სამკაულების გვერდით აღმოჩნდა ოქროსთავიანი საკინძეებიც. ადრინდ. ხანის ძეგლთა შორის საინტერესოა ქუშანაანთ გორის ნამოსახლარი და ქრისტ. ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლი (ბეწენწურების ეკლესია, არჩილის მონასტერი, საყდრიონის ეკლესია და სხვ.). შუა ფეოდ. ხანაში ერწოს ველი პოლიტიკურად „ჟალეთის ქვეყანას” ემორჩილებოდა. მრავლადაა აღმოჩენილი ამ ხანის ძეგლები. შაჰ-აბას I-ის შემოსევის შემდეგ ერწოს ველზე ინტენს. ცხოვრება დიდი ხნით შეწყდა.
ლიტ.: რამიშვილი რ., ივრის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები, წგ. 1 – სიონი, თბ., 1970.
რ. რამიშვილი