ერწო-წონის ქვაბული, ტექტონიკურ-ეროზიული ქვაბული მდ. ყვირილის სათავეში, რაჭისა და ლიხის ქედების შესაყართან. შედგება ორი ტაფობისაგან: სამხრ.-დას-ით მდებარეობს წონის ტაფობი, რ-ის სიგრძეა 3 კმ, სიგანე – 400–800 მ. ფსკერი ზ. დ. 1760 მ სიმაღლეზეა. ტაფობის ძირზე გაედინება მდ. წონისწყალი (ყვირილის ერთ-ერთი მდგენელი). ტაფობის ცენტრ. ნაწილში ალაგ-ალაგ ტორფიანი ჭაობებია, ხოლო ჩრდ.-აღმ-ით მდებარეობს ერწოს ტაფობი, რ-ის სიგრძეა 2,5 კმ, სიგანე – 1000–1200 მ, ფსკერი კი ზ. დ. 1711 მ სიმაღლეზეა. ქვაბული ალაგ-ალაგ დაჭაობებულია. მის ჩრდ.-დას. ნაწილში მდებარეობს ერწოს ტბა. ე.-წ. ქ-ში არის ცარცული კირქვების იზოლირებული უბნები, რ-ებთანაც დაკავშირებულია კარსტული წარმონაქმნები (წონის მღვიმე და სხვ.).
ზ. ჯანელიძე