ესაია (ძვ. წ. 770 ან 760 – ძვ. წ. 687 ან 642), ძველი აღთქმის ერთ-ერთი წინასწარმეტყველი, ძველებრაელთა პოლიტიკური მოღვაწე და რელიგიის რეფორმატორი. ე-ს წინასწარმეტყველებანი ბიბლიაში დამოუკიდებელ წიგნადაა შესული. მოღვაწეობდა იუდეის სამეფოში. მეფე მანასეს ბრძანებით ე. ხერხით გადახერხეს იმ მამხილებელი სიტყვებისთვის, რ-ებსაც იგი მეფისა და დიდებულების მისამართით წარმოთქვამდა. არსებობს ვარაუდი, რომ ბიბლიური წიგნის – („წინასწარმეტყველება ესაიასი”) ებრ. ტექსტის ნაწილი შეადგინა არა ე-მ, არამედ მისმა სულიერმა მემკვიდრეებმა. ე-ს წიგნი ადრევეა თარგმნილი ქართ. ენაზე და შესულია „ოშკის ბიბლიაში” (978).
მ. შანიძე