ესაი ჰასან-ჯალალიანი

ესაი ჰასან-ჯალალიანი (გ. 1728), პოლიტიკური მოღვაწე, განძასარის კათოლიკოსი (1702–28), ისტორიკოსი. იგი ეკუთვნოდა მსხვილი სომეხი ფეოდალების – ჰასან-ჯალალიანების საგვარეულოს, რ-იც ფლობდა მთიან ყარაბაღში მდებარე ქვემო ხაჩენის ოლქსა და სას. ხელისუფლებაც ხელთ ეპყრა. ე. ჰ.-ჯ. დამოუკიდებელი სომხ. სახელმწ. აღდგენისათვის იღვწოდა. ამის მიღწევა შესაძლებლად მიაჩნდა რუსეთის მხარდაჭერითა და ქართლის მეფე ვახტანგ VI-ის სამხ. დახმარებით. იგი პირადად იცნობდა ვახტანგ VI-ს, მასთან რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა თბილისში. მისი თქმით, ქართლის მეფე დიდი ყურადღებით ეკიდებოდა სომხეთის ჯარის ორგანიზაციას ყარაბაღის სიღნაღებში (სიმაგრეებში). 1722 ქართველ-სომეხთა გაერთიანებული ლაშქარი დაბანაკდა განჯასთან, სადაც მათ რუს. ჯარი უნდა შეერთებოდა. მაგრამ დარუბანდის აღების შემდეგ პეტრე I დიდი მოულოდნელად უკან გაბრუნდა (იხ. სპარსეთის ლაშქრობა 1722–23). იმედგაცრუებული ე. ჰ.-ჯ. თანდათან ჩამოსცილდა პოლიტ. საქმიანობას. 1723 შემდეგ ე. ჰ.-ჯ-მა დაწერა მცირე ზომის საისტ. ნაწარმოები „აღვანთა ქვეყნის მოკლე ისტორია”, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი XVIII ს. 20-იანი წლების ქართლის პოლიტ. ვითარების აღწერას. საინტერესო ცნობებია დაცული ქართველ-სომეხთა ურთიერთობის შესახებაც. ავტორი თვითმხილველია აღწერილი ამბებისა და ამდენად მის ცნობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

თხზ.: აღვანთა ქვეყნის მოკლე ისტორია. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, თარგმნა და კომენტარები დაურთო კ. კუციამ, თბ., 1971.

ლიტ.: მაისურაძე გ., ესაი ჰასან-ჯალალიანის ნაშრომი – „ალვანეთის ისტორია” ქართველი და სომეხი ხალხების ურთიერთობის შესახებ, კრ.: საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები, [ტ.] 1, თბ., 1968.

გ. მაისურაძე