ესაკია ლეო დიმიტრის ძე

ლ. ესაკია

ესაკია ლეო (ლეონარდ) დიმიტრის ძე (27. II. 1899, სოფ. სენაკი, ქუთაისის გუბ., – 1. VII. 1969, თბილისი), კინორეჟისორი. საქართვ. სახ. არტისტი (1966). 1927-იდან მუშაობდა ქართ. კინოში სცენარისტად, 1928-იდან – რეჟისორად. ნოვატორული ფილმებით – „ჰოლტზე” (1928), „ამერიკანკა” (1930) ერთგვარი პროტესტი გამოხატა ეთნოგრ.-ორიენტალისტური კინემატოგრაფის მიმართ, იღვწოდა რეალისტურ-მხატვრული მეთოდის დასამკვიდრებლად. 1932 გადაიღო პირველი ქართ. ხმოვანი ფილმი „შაქირი”, შემდეგ კინოკომედია „ფრთოსანი მღებავი” (1936) და სხვადასხვა ჟანრის ფილმები: „გაღმელი ქალიშვილი” (1940), „ბაში–აჩუკი” ა. წერეთლის მიხედვით (1956), „ნინო” (1959), „გლახის ნაამბობი” (1961; ი. ჭავჭავაძის მიხედვით), „აბესალომ და ეთერი” (1966; ზ. ფალიაშვილის ამავე სახელწოდების ოპერის მიხედვით) და სხვ. ე. ძირითადად თავისი ფილმების სცენარის ავტორი ან თანაავტორი იყო. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართვ. რადიოკომიტეტის თავ-რედ, კინოსტუდიის დირექტორად და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. 

ა. გვენცაძე