ესაძე ბორის სპირიდონის ძე

ესაძე ბორის სპირიდონის ძე (24. VII. 1864 – 31. I. 1914, თბილისი), ისტორიკოსი, საზოგადო და სამხედრო მოღვაწე, გამომცემელი, ჟურნალისტი. დაამთავრა ქ. ტვერის იუნკერთა საკავალერიო სასწავლებელი. სამსახური დაიწყო ნოვოროსიისკის დიდი მთავრის ვლადიმერ ალექსანდრეს ძის სახ. დრაგუნთა პოლკში (1882). იმავე წელს ჩაირიცხა ტვერის საკავალერიო სასწავლებელში, რ-ის დამთავრების შემდეგ (1886) მსახურობდა კავკ. არმიის სხვადასხვა ნაწილში უმეტესად საშტაბო თანამდებობებზე. პასუხსაგები თანამდებობები ეკავა ყარსის ოლქში. 1911 მიენიჭა პოდპოლკოვნიკის ჩინი. ე-ის კალამს ეკუთვნის ნაშრომები რუს. არმიის ცალკეული სამხ. ნაწილების ისტორიის, გამოჩენილი მხედართმთავრების ცხოვრება-მოღვაწეობის, რუს. არმიაში ქართველების ღვაწლის შესახებ. იყო რუსეთის სამხ.-ისტ. და რუსეთის გეოგრაფიული საზ-ბების კავკ. განყ-ბის ნამდვილი წევრი. ე-ს ეკუთვნის საინტერესო დაკვირვებანი რუსეთ-საქართველოს ისტ. ურთიერთობის შესახებ. დიდი წვლილი მიუძღვის საქართვ. ისტორიისა და ქართ. კულტ. პროპაგანდაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი კრებ. „საქართველოს მატიანე” (ნაკვ. I, თბ., 1913) და „მთელი კავკასია” (N1, თბ., 1903, ორივე რუს. ენაზე). დიდი ენერგია შეალია ქართ. ისტ. ძეგლების მოვლა-პატრონობას, აქტ. მონაწილეობდა „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების” დაარსებაში. 1905 გამოაქვეყნა ნ. ბარათაშვილის გარდაცვალების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული „საქართველოს გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება. ბარათოვის ტომი” (თბ., 1905, რუს. ენაზე), რ-ის შემოსავალი მოხმარდა ნ. ბარათაშვილის საფლავის ძეგლის მოწყობას (ეს ძეგლი, რ-იც დაიდგა დიდუბის პანთეონში, 1938 გადატანილი იქნა მთაწმინდაზე). ე-მ დააარსა რამდენიმე რუს. პერიოდული ორგანო „კავკაზსკი კრაი” (1905), „კავკაზსკაია არმია” (1907), რ-საც ჰქონდა ორი ყოველკვირეული დამატება „კავკაზსკი ვეტერან” (ჯარისკაცებისათვის) და „კავკაზსკი ვოენნი ვესტნიკ” (ოფიცრებისათვის). იყო გაზეთ „ყარსის” რედაქტორი (26. I. 1910 – 2. VII. 1911). აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს (ფსევდონიმები: „ბუდილნიკი”, „ბლაგოჟელატელი”, „ბეზ პსევდონიმა”, „გ. კარტველი”, „ზემეცი” და სხვ.

თხზ.: Очерк ношений России с единоверной Грузией. Прибытие русских в Иверию, Тфл., 1899; Краткий исторический очерк боевой славы, мирной жизни 43-го Драгунского Тверского полка и празднование тверцами 100-летнего юбилея 1798–1898 гг., Тфл., 1900; Карсская область в ее прошлом и настоящем (Исследования, наблюдения и заметки), Тфл., 1912; Первый генерал-фельдцейхмейстер русской артиллерии при Петре Великом царевич Имеретинский Александр Арчилович, СПб., 1913.

ლიტ.: ჟორდანია ო., ბორის ესაძე და საქართველოს ისტორიის საკითხები, თბ., 2004; წოწელია ვ., ქართველი კავკასიოლოგები (ბორის და სიმონ ესაძეები), თბ., 1992.

ო. ჟორდანია