ესაძე სიმონ სპირიდონის ძე (4. II. 1868, თბილისი, – 15. II. 1927, იქვე), სამხედრო ისტორიკოსი და კავკასიოლოგი. საქართვ. დემოკრ. რესპ. გენერალი (1920), დაამთავრა სიმბირსკის კადეტთა კორპუსი (1886) და კონსტანტინეს სახ. მეორე სამხ. სასწავლებელი (1888). სხვადასხვა წლებში მსახურობდა ეკატერინბურგის 37-ე და ლორეს 264-ე ქვეით სარეზერვო პოლკებში. 1899 გადაიყვანეს კავკასიის სამხ. შტაბთან არსებული სამხ.-საისტ. განყ-ბის რედაქტორის მოვალეობის შემსრულებლად. 1912 დანიშნეს ამავე განყ-ბის უფროსად და კავკ. სამხ.-საისტ. მუზეუმის დირექტორად. რუს. არმიის პოლკოვნიკის ჩინით (1916) მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914–18). საქართვ. დემოკრ. რესპ. არსებობის წლებში (1918–21) მონაწილეობდა თურქეთთან მოლაპარაკებაში ტრაპიზონსა და ბათუმში (1918). 1922–25 იყო ცალკე კავკ. არმიის მართვის შტაბის განყ-ბის უფროსი. ე-ს ეკუთვნის შრომები რუს. არმიის ცალკეული ნაწილების, კავკ. ომის ისტორიის შესახებ და სხვ. აშუქებდა რუსეთ-საქართველოს ისტ. ურთიერთობის საკითხებს. თავის გამოკვლევებში ცდილობდა დაედგინა საქართველოს ადგილი და მნიშვნელობა რუსეთის კავკ. პოლიტიკაში. კაპიტ. ნაშრომი მიუძღვნა კავკასიაში რუს. ადმ. მართვის ისტორიას. აქვს აფხ. ისტორიისადმი მიძღვნილი საინტერესო გამოკვლევები. დიდი დამსახურება მიუძღვის კავკ. არმიის შტაბების, კორპუსებისა და ნაწილების არქივების მოვლა-პატრონობაში. რუს. სამოქალაქო ომის წლებში განადგურებისაგან იხსნა ვლადიკავკაზის ადგილ. ბრიგადისა და ყიზლარის არქივების 100 ათ-მდე საქმე. დიდი შრომა გასწია კავკ. სამხ.-საისტ. მუზეუმის (დიდების ტაძრის) მუშაობის გასამართავად. თანამშრომლობდა ლ. ტოლსტოისთან. აწვდიდა მას კავკ. ომების (1817–64) ამსახველ მასალას მოთხრობა „ჰაჯი მურატისათვის”. პირველმა გამოაქვეყნა ლ. ტოლსტოის 4 ბარათი. ე-ის სახელი მჭიდროდ არის დაკავშირებული ქართ. კინოს ისტორიასთან. იგი პირველი ქართვ. სამხ. კინოდოკუმენტალისტია. მისი სცენარით ა. დრანკოვისა და ა. ტალდიკინის კინემატოგრაფიულმა ფირმამ გადაიღო სურათი „კავკასიის დაპყრობა”. გარკვეული შემოქმედებითი ურთიერთობა ჰქონდა კინორეჟისორ და ოპერატორ ვ. ამაშუკელთან, ა. წუწუნავასთან, მიუნხენის თეატრის რეჟისორ ლ. ჩერნისთან და სხვ. ე. ხელმძღვანელობდა კავკ. სამხ. ოლქის შტაბთან არსებულ კინოგადამღებ ჯგუფს. შექმნა რამდენიმე ისტ. მნიშვნელობის ქრონიკა, მ. შ. „არზრუმის დაცემა” და “ტრაპიზონის აღება”, რ-თა ჩვენება 1916 გაიმართა. ე-ის მოღვაწეობას დადებითად აფასებდა ი. ჭავჭავაძე.
თხზ.: კავკასიის სამხედრო არქივები და ცენტრარქივის სამხედრო ფონდი, «საქართველოს არქივი», 1926, [ტ.] 1; Тверские драгуны на Кавказе. Восточная война 1854–1856 гг., Тфл., 1898 (თანაავტ. Б. Эсадзе); Историческая записка об управлении Кавказом, т. 1–2, Тфл., 1907; Штурм Гуниба и пленение Шамиля. Исторический очерк Кавказкой войны в Чечне и Дагестане, Тфл., 1909.
ლიტ.: დათუაშვილი დ., საარქივო საქმის ისტორია საქართველოში, თბ., 1977; დოლიძე გ., ქართული კინო გუშინ და დღეს. კინემატოგრაფიული ძიებანი, თბ., 1986; ჟვანია გ., ამაგდარნი, წგ.: კინო. კინომასალების კრებული. მე-8 გამოც., თბ., 1982; ჟორდანია ო., ისტორიკოსი სიმონ ესაძე, თბ., 2001; ცომაია ვ., ქართველი სამხედრო კინოქრონიკის დამაარსებელი, «საბჭოთა ხელოვნება», 1962, N9.
ო. ჟორდანია