ესებუა ნესტორ ივანეს ძე (11. II. 1864, სოფ. სორტა, ახლანდ. სენაკის მუნიციპალიტეტი, – 7. VIII. 1931, თბილისი), ფალავანი. საჭიდაო ასპარეზზე გამოვიდა 1885. განსაკუთრებული პოპულარობა მოუპოვა კულა გლდანელთან შეხვედრებმა. დიდი წარმატებით გამოდიოდა საქართვ. და რუს. ქალაქებში, ასევე სტამბოლსა და პარიზში. აღიარებული იყო სახ. მოჭიდავედ. ქართ. პრესა დიდ ადგილს უთმობდა ე-ს ოსტატობას. ა. წერეთელმა ე-სა და კულა გლდანელს უძღვნა პოემა „ჭიდაობა” (1888). ე. ქართული ჭიდაობის ტრად. სკოლის შესანიშნავი წარმომადგენელი იყო; დიდ ძალასთან ერთად გააჩნდა სისწრაფე და რაინდული მანერა. წლების განმავლობაში ეწეოდა ქართ. ჭიდაობის პოპულარიზაციას. ზრუნავდა ახალგაზრდა სპორტსმენთა გამოვლენასა და აღზრდაზე.
ლიტ.: ბარნოვი ა., ჭიდაობა ძველ თბილისში, თბ., 1967; გეგენავა დ., ორი ფალავანი, თბ., 1967.