ზუევი ვასილი თევდორეს ძე [1(12). I. 1754, პეტერბურგი, – 7(18). I. 1794], რუსი მეცნიერი ბუნებისმეტყველი, მოგზაური. პეტერბურგის მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1787). დაამთავრა პეტერბურგის უნ-ტი, სწავლობდა ლეიდენსა და სტრასბურგში. რუსეთში დაბრუნების შემდეგ მონაწილეობა მიიღო ციმბირის ექსპედიციაში. 1781 აკადემიის დავალებით მოაწყო ექსპედიცია შავიზღვისპირეთის შეუსწავლელი ადგილების გამოსაკვლევად. 1787 პეტერბურგში გამოიცა მისი წიგნი „1781 და 1782 წწ. სანქტ-პეტერბურგიდან ხერსონამდე მოგზაურობის ჩანაწერები”, რ-ის ერთი ნაწილი მთლიანად საქართველოს ეხება. ავტორი ბევრ საინტერესო ცნობას გვაწვდის დას. საქართველოს სხვადასხვა კუთხის, განსაკუთრებით სამეგრელოს შესახებ. იგი აღწერს ფლორას და ფაუნას, მეგრელების ეთნიკურ ტიპს, ყოფას, წეს-ჩვეულებებს, მეურნეობას. საყურადღებო ცნობებს გვაწვდის ტყვის სყიდვის შესახებ.
ლიტ.: Берулава Г. Г., У истоков русского грузиноведения (XVIII век), Тб., 1983; Райков Б. Е., Академик Василий Зуев, его жизнь и труды, М.–Л., 1955 (ბიბლ.).