გუდამაყრის არაგვი

გუდამაყრის არაგვი, შავიარაგვი, მდინარე აღმ. საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. კალთაზე. სიგრძე 30 კმ, აუზის ფართ. 240 კმ².

სათავეს იღებს მთა ჭაუხის დას. კალთაზე, ზ. დ. 2940 მ სიმაღლეზე. დაბა ფასანაურთან მარცხნიდან ერთვის მდ. მთიულეთის (თეთრ) არაგვს. მთავარი შენაკადია ბაკურხევი. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე და ზაფხულში, წყალმცირეა ზამთარში. საშ. წლ. ხარჯი 7,96 მ³/წმ. ზამთრობით უჩნდება ყინულნაპირისი, თოში, ფსკერის ყინული.

ი. აფხაზავა