ეფრემი

ეფრემი (XIII–XIV სს. მიჯნა), მინიატიურისტი და კალიგრაფი. 1300 მოქვის მთავარეპისკოპოსის დანიელის შეკვეთით გადაწერა მოქვის ოთხთავის სახელით ცნობილი სახარება, რ-იც ერთ-ერთი უმდიდრესი ქართ. ხელნაწერია მინიატიურებისა და მორთული საზედაო ასოების რაოდენობის მხრივ [152 მინიატიურა, 531 საზედაო ასო (ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრი Q-902)]. ხელნაწერის მორთულობა ტრადიციულია: 10 კამარა, ვედრება, მახარებლები, თავსამკაულები, მინიატიურები სახარების სიუჟეტებითა და საზედაო ასოებით. სიუჟეტის მხრივ საგანგებოდაა აღსანიშნავი იშვიათი გამოსახულება – ქრისტეს გენეალოგიური ხე და ღვთისმშობელი ყრმით, რ-თა წინ მუხლი მოუყრია დანიელ მოქველს. სახარების მორთულობისთვის ე. ოსტატურად იყენებს მცენარეებს, ფრინველთა და ცხოველთა ფიგურებს; საზედაო ასოების ნაწილი ფერადი ზოლებით (ოქროსი, ლურჯი, წითელი) არის გამოყვანილი; ზოგი ფიგურა საკმაოდ რეალისტურადაა წარმოდგენილი.

ვ. ბერიძე