ექვთიმე (მჭედელაშვილი)

ექვთიმე (მჭედელაშვილი) (გ. 1804), გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტრის არქიმანდრიტი 1775–1804. იყო ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებაში დიდად განსწავლული, ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის კარზე დაახლოებული პირი, სამეურნეო-ეკონ. საქმეების კარგი ორგანიზატორი. ე-მ ააშენა ლეკების მიერ გადამწვარი სოფ. ხაშმი. აშენებდა ვენახებს, წისქვილებს, მიწაზე ასახლებდა უმიწაწყლო გადმოხვეწილ გლეხებს. მისი ინიციატივით იოანე ნათლისმცემლის მონასტერს გადაეცა არაერთი ყოფილი სამეფო მამული. ე-ს თაოსნობით სავანეში ითარგმნებოდა სას. ლიტ-რა. მან საბა ნინოწმინდელის დავალებით, დაწერა წმ. ნინოს საგალობლები. 1797, როდესაც თბილისში შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა, უდაბნოს ბერები, ე-ს ხელმძღვანელობით, ეხმარებოდნენ ავადმყოფ და უპოვარ ხალხს. საქართვ. სამოციქულო ეკლესიამ, ეკლესიისა და ერისათვის დამაშვრალი მოღვაწე წმინდანად შერაცხა. ღირსი ექვთიმეს ხსენების დღეა 8 (21) აგვისტო.

ლიტ.: იოანე ბატონიშვილი, კალმასობა, ტ. 2, თბ., 1948; ლომინაძე ბ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორიები), [ტ.] 1, თბ., 1966; ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი, თბ.–ათენი, 2003.

ბ. ლომინაძე