ექვთიმე მთაწმიდელი, ეფთვიმე მთაწმიდელი (955–1028), მთარგმნელი და სასულიერო მოღვაწე, ათონის სალიტერატურო სკოლის მამამთავარი, ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი (1005–19). ექვთიმეს მამა იოანე მთაწმიდელი იყო ათონის ქართველთა სამონასტრო კოლონიის ფუძემდებელი. მამის ბერად აღკვეცის შემდეგ ექვთიმე პაპისა და ბიძების ზედამხედველობით იზრდებოდა. ამ ხანებში ბიზანტ. იმპერატორმა დავით კურაპალატს „ზემონი ქუეყანანი” დაუთმო და მძევლად აზნაურთა შვილები მოითხოვა, მ. შ. აღმოჩნდა ექვთიმეც. მამამ იმპერატორის ნებართვით დაიბრუნა შვილი და მასთან ერთად ათანასეს ლავრაში (ათონის მთა) დამკვიდრდა. იოანე ბავშვობიდანვე ერის განათლებისათვის ზრუნვას უნერგავდა შვილს. მამამ განსწავლა და აღზარდა ექვთიმე, რ-მაც „უმეცრების საბურველი” მოხსნა ქართველთა გონებას. მამა-შვილის ღვაწლი იმდენად დიდი იყო, რომ თანამოღვაწენი და მოწაფენი მათ აფასებდნენ, როგორც „შემდგომად ღმრთისა ამათ სულთა ცხორებისა მომცემელნი ქართველთა ნათესავსა”. მამის გარდაცვალების შემდეგ ე. მ. ათონის მონასტრის წინამძღვარი გახდა. მას ეკისრებოდა ეპიტროპობა ანუ მესულეობა ათონის ლავრისა, სამას სულზე ზრუნვა, აღმშენებლობითი საქმიანობა და არაქართული სავანეების დაარსება. 14 წლის შემდეგ ე. მ-მა დატოვა წინამძღვრობა. მისი ღვაწლი აღწერა გიორგი მთაწმიდელმა. ე. მ-მა ლიტ. მოღვაწეობა 975–977 დაიწყო. იგი ბავშვობიდანვე სრულყოფილად ფლობდა ბერძნ. ენას; თარგმნიდა არა მარტო ბერძნულიდან ქართულად, არამედ ქართულიდან ბერძნულადაც [მისი ბიოგრაფი ბერძნულ ენაზე ნათარგმნთა შორის ასახელებს „ბალაჰვარს” („სიბრძნე ბალავარისი”) და „აბუკურას”]. ექვთიმეს ბერძნულადაც დაუწერია თხზულება სამონაზვნო ცხოვრების წესების შესახებ. ე. მ-მა დასაბამი მისცა ქართ. მწერლობის პოპულარიზაციას საერთაშ. სარბიელზე. მან წარმატებით შეძლო ქართველთა სულიერი ცხოვრების სწორად წარმართვა. ღირსი მამის წყალობით ქართ. კულტურა ბერძნულს გაუთანაბრდა. ბიოგრაფის სიტყვებით, ე. მ-ის თარგმანების მსგავსი „არღარა გამოჩინებულ არს ენასა ჩუენსა და ვჰგონებ თუ, არცაღა გამოჩინებად არს”. თარგმნისას იგი ერის პრაქტ. საჭიროებას, მის პოლიტ. თუ კულტ. ინტერესებსა და შესაძლებლობებს ითვალისწინებდა. მისი თარგმანები ეხებოდა იმ დარგებს, რ-იც ნაკლებად ან საერთოდ არ იყო ცნობილი ქართ. მწერლობაში. სას. მწერლობის თითქმის ყველა დარგი ე. მ-თან წარმოდგენილია გამორჩეული თხზულებებით, რ-თაგან ზოგი საეტაპო მნიშვნელობისაა. ძვ. და ახ. აღთქმის წიგნთაგან მას უთარგმნია სახარება-ოთხთავი, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება, დავითნი და სხვ., ეგზეგეტიკურ თხზულებათაგან – ანდრია კრეტელის „თარგმანი იოანე მახარებლის ხილვისაჲ”, იოანე ოქროპირის „თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ”, ბასილი კესარიელის „თარგმანებაჲ ფსალმუნისაჲ”. მანვე თარგმნა ასკეტიკურ-მისტიკური ხასიათის მრავალი ძეგლი – გრიგოლ ღვთისმეტყველის (ნაზიანზელის), გრიგოლ ნოსელის, იოანე ოქროპირის თხზულებანი და ჰომილეტიკური კრებულები – „მარგალიტი”, „ყვავილკრებული”. ათონელ მოძღვარს გამოკრებილი სახით გადმოუღია ლიტურგიკისთვის აუცილებელი კრებულები: „მცირე სვინაქსარი”, გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა მცირე კორპუსი და სხვ. ათონის ივერთა სავანეს მან შეუდგინა „წესი და განგება”. ეს იყო პირველი ქტიტორული ტიპიკონი, რ-იც გავრცელდა არა მხოლოდ ათონში, არამედ ყველა ქართ. მონასტერში. ე. მ-მა შეადგინა აპოკრიფულ წიგნთა ინდექსი, რ-იც არ იმეორებს დღემდე ცნობილ არც ერთ ინდექსს და ორიგინ. ნაწარმოებად შეიძლება ჩაითვალოს. ბიზანტ. და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების სამართლის ისტორიამ არ იცის ე. მ-ის მიერ შედგენილი „მცირე სჯულისკანონის” მსგავსი კრებული. თავისი შედგენილობით სრულიად გამორჩეული და ინდივიდ. თხზულება „წინამძღუარი”, რ-იც ექვთიმეს მიერ რამდენიმე წყაროს საფუძველზე შედგენილი ქრისტ. ღვთისმეტყველების სახელმძღვანელოა. ათონელმა მამამ თარგმნა კიმენური და მეტაფრასული ჰაგიოგრაფიული ძეგლები, იოანე დამასკელის, კასიანე ჰრომაელის, სვიმეონ მესოპოტამიელის, მაკარი მეგვიპტელისა და სხვა ავტორთა თხზულებანი. გიორგი მთაწმიდლის სიტყვებით, ე. მ-ის მიერ თარგმნილ თხზულებათა „აღრიცხვაჲ კნინღა შეუძლებელ არს”. ე. მ. ბიზანტიელ სწავლულთა, კომენტატორთა თუ ენციკლოპედისტთა ტიპის მოღვაწეა. მისი თარგმანები უაღრესად თავისებურია. „სულიწმიდის მადლით” ცხებული მთარგმნელი შემოქმედებითად უდგებოდა ტექსტს – მიმართავდა კომპილაციას, ავსებდა სხვადასხვა წყაროდან ან ტექსტის სქოლიოებიდან ამოკრებილი ცნობებით, ერთი და იგივე წყარო შეჰქონდა სხვადასხვა თხზულებაში, ურთავდა საკუთარ კომენტარებს, ცვლიდა ორიგინალის ჟანრს, ზოგჯერ თარგმანის სათაურსაც კი ავრცობდა. ათონელი მოძღვრის თარგმანებში მთარგმნელის უფლება ავტორის უფლებას უთანასწორდება. მან კატეგორიულად დასვა საკითხი, რომ თხზულება უშუალოდ დედნიდან ეთარგმნათ. მისი თარგმანები სადა და დახვეწილია, თხრობა – ლაღი და ბუნებრივი. თანამემამულენი შესანიშნავად აცნობიერებდნენ ექვთიმეს პატრიოტულ მისიას. გადამწერი იორდანე მაირენისელის ცნობით, თავად დავით კურაპალატი იყო დაინტერესებული ე. მ-ის თარგმანთა გამრავლებით. გიორგი ჭყონდიდელს წერილი გაუგზავნია ღირსი მამისათვის და უთხოვია განემარტა საეკლ. მწერლობასთან დაკავშირებული ზოგი საცილობელი საკითხი. ეფრემ მცირის თქმით, ე. მ-მა გააღრმავა ქართვ. მკითხველის ცოდნის დონე, რითაც შესაძლებელი გახადა ზუსტ თარგმანზე გადასვლა. დიდი სას. მოღვაწე ქართ. და ბერძნ. ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად და ეწოდა ღირსი ექვთიმე. მისი ხსენების დღეა 13 (26) მაისი.
წყარო: გიორგი მთაწმიდელი, ცხორებაჲ იოვანესი და ეფთჳმესი, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 2, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1967.
ლიტ.: ბასილი კესარიელის სწავლათა ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი. გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ც. ქურციკიძემ, თბ., 1982; კეკელიძე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 2, თბ., 1945; მისივე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1 – ძველი მწერლობა, თბ., 1960; მეტრეველი ე., ნარკვევები ათონის კულტურულ-საგანმანათლებლო კერის ისტორიიდან, თბ., 1996; ჭელიძე ი., უძველესი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია, თბ., 1997.
ვ. ბააკაშვილი
ნ. ჩიკვატია